ატენის ბრძოლა 1724, ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ. 1724 ქართლში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებმა კახეთის მეფეს კონსტანტინე II-ს მიმართეს, რათა იგი სათავეში ჩასდგომოდა აჯანყებას. კონსტანტინე II კახთა, თუშთა და ფშავ-ხევსურთა ლაშქრით ქართლში მივიდა. აჯანყებულთა ლაშქარი 10 ათ-მდე კაცს ითვლიდა. აჯანყებულებმა გადაწყვიტეს ჯერ გორის ციხის, შემდეგ კი თბილისის ციხის აღება და ქართლის მტრისაგან მთლიანად განთავისუფლება. ქართლის გამგებელმა რეჯებ-ფაშამ გორის მეციხოვნეთა დასახმარებლად ჯარი გაგზავნა ახალციხის ფაშის ისაყ-ფაშას მეთაურობით. 15 სექტ. სოფ. ატენთან (ახლანდ. გორის მუნიციპ-ი) გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა, იერიშზე თავდაპირველად ქართველები გადავიდნენ და მტერი უკუაქციეს, მაგრამ მოღალატეთა დახმარებით ოსმალებმა საბოლოოდ მაინც მოახერხეს ქართველთა დამარცხება. მტერი აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა; დახოცილ ქართველთა თავები თბილისში ურმებით გაუგზავნეს რეჯებ-ფაშას.
ა. ბ-ის შემდეგ ერთგვარი შესვენება დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ძალები მოეკრიბათ და შემდეგ ხელახლა შეეტიათ დამპყრობლისათვის.
წყარო: გურჯი-ზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბ., 1975; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; სვანიძე მ., ატენის ბრძოლის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებისათვის თურქული წყაროების მიხედვით, კრ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, [ტ.] 2, თბ., 1979.
მ. სვანიძე