ატენის ციხე, საცივის ციხე, ორბელიანის ციხე, X–XI სს. ციხესიმაგრე ატენის ხეობაში (გორის მუნიციპ-ი). სავარაუდოა, რომ ციხე უფრო ადრე, VII ს-შია აგებული ატენის ხეობა|ატენის ხეობისა და ატენის სიონი|ატენის სიონის დაცვის მიზნით. ა. ც-ს ქართული წყაროებიდან პირველად იხსენიებს „მატიანე ქართლისა“, რ-ის მიხედვითაც იგი X ს-ში თრიალეთთან ერთად კლდეკარის ერისთავს რატი ბაღვაშს ეკუთვნოდა. იმავე წყაროებით, XI ს-ში სამეფო ციხე იყო და ბაგრატ IV-ის ერთგული ციხისუფალი განაგებდა (შემდგომ საუკუნეებშიც ა. ც. თავის ქვეყანასთან ერთად უმეტესწილად სამეფო იყო). XIII ს. ბოლოს, როცა მონღოლთაგან დაპყრობილ ქართლში ოსთა თარეში გახშირდა, ა. ც-ში ოსთა მთავარი - ფარეჯანი იდგა. 1511 ა. ც-ში გამაგრებულ ქართლის მეფეს დავით X-ს თავს დაესხა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი), მაგრამ ციხე ვერ აიღო. 1556 ირანის შაჰის თამაზ I-ის მეოთხე შემოსევის დროს ა. ც-ში გაიხიზნენ მეფე ლუარსაბ I-ის დედა ‒ ნესტან-დარეჯანი და ქართლის თავად-აზნაურთა ოჯახები. მტერმა ციხეს წყარო გადაუკეტა, რის შემდეგაც ციხე დანებდა. 1642 ა. ც-ში გამაგრდა მეფე როსტომი|როსტომის წინააღმდეგ აჯანყებულთა ერთ-ერთი მოთავე ფეოდალი ნოდარ ციციშვილი. მეფემ ციხე იერიშით აიღო. ა. ც-მ XVI–XVIII სს-ში ირან. და ოსმ. აგრესიის პირობებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ციხე აღმართულია მაღალ კლდოვან გორაკზე. ერთი მხრიდან საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხრიდან ‒ აბანოსხევი. ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით, გამოყენებულია რიყის ქვაც. გეგმით მომრგვალებულ ციხეს შესასვლელი კარი ჩრდილოეთიდან აქვს. ციხის კედლები ბურჯებით არის გამაგრებული. ციხის შიგნით მეციხოვნეთათვის განკუთვნილი სადგომებია. აქვეა წყლის საცავი აუზი და სხვა ნაგებობანი. ციხეს სათოფურები არა აქვს, რაც მის სიძველეზე მიუთითებს. ა. ც-ის მახლობლად, დაახლ. 300 მ-ზე, კლდის ქვით და დუღაბით ნაგები, გეგმით მრგვალი სამსართულიანი საყარაულო კოშკი დგას. XVIII ს-ში ა. ც. კვლავ მოქმედებდა, მაგრამ მაგისტრ. გზების გადანაცვლების გამო ადრინდელი მნიშვნელობა უკვე დაკარგული ჰქონდა. ციხე ძლიერ დაზიანდა 1920 მიწისძვრის დროს.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.
დ. ბერძენიშვილი