ატოცი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. დასავლეთის ფრონის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 800 მ, ქარელიდან 29 კმ. 291 მცხ. (2014).
ა. იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში დასახელებულ სოფელთა სიაში. 1715 ა-ში ცხოვრობდა 53 კომლი, 1804 – 34 კომლი, რ-ებიც ეკუთვნოდნენ ფავლენიშვილს, აბაშიძეს, ავალიშვილსა და დედოფალ დარეჯანს. 1865 ა. შედიოდა თბილ. გუბ. სურამის უბანში. ამ დროს აქ 49 კომლი ცხოვრობდა.
სოფლის მახლობლად შემონახულია ქვითკირით ნაგები XVIII ს. ციხე-გალავანი. ოთხივე მხარეს სამ-სამსართულიანი თითო კოშკია. სათოფურებიანი ციხის გალავანი სიმაღლით კოშკებს უტოლდებოდა. ციხის შიგნით მთავარანგელოზის ძვ. დარბაზული ეკლესიის (X ს.) ნანგრევებია. ეკლესიაც ასევე ქვითკირითაა ნაგები, ურევია დიდი ლოდებიც, შემოსილია ქვა-ფილით. სახურავი ჩაქცეულია. ჩრდ-ით ჰქონდა კოშკისებრი მინაშენი, რ-ის ბანზე მტრის შემოსევისას კოცონს ანთებდნენ და ამით გამაფრთხილებელ ნიშანს იძლეოდნენ. ინტერიერში ჩანს მოხატულობის კვალი. მთავარანგელოზის კომპლექსის სამხრ-ით არის განვითარებული შუა საუკ. ა-ის წმ. გიორგის ეკლესია (იხ. ატოცობა), რ-იც გადაკეთებულია XVII ს. და XIX ს. დასასრ. – XX ს. დასაწყისში. იგი მოხსენიებულია 1658 და 1692 ორ დოკუმენტში. წმ. გიორგის ეკლესიის ხატი ფრონის ხეობის ყველაზე ძლიერ და სასწაულმოქმედ ხატად ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი მას „სასწაულიანს“ უწოდებს. სოფლის დას-ით შუა საუკ. კოდის წმ. ელიას ეკლესია დგას. სოფლის განაპირას, დას-ით ‒ ღვთისმშობლისა. მეორე ღვთისმშობლის ეკლესია სოფლის შუაშია. სოფლის სამხრ-ით წმ. მარინეს ეკლესია დგას, სოფლის განაპირას, სამხრ.-დას-ით ‒ წმ. მარინეს მეორე ეკლესია (სამივე გვიანდ. შუა საუკ.). ყველა ეკლესია ერთნავიანია და ნაგებია ნატეხი ქვით. სოფელში და მის მახლობლად ნასოფლარებია. ა-ის ჩრდ.-დას-ით კლდის ქვით ნაგები ე. წ. „ქვაბთაქალას“ ეკლესიაა (დაზიანებულია).
ლიტ.: გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1989, [ტ.] 7; მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.
ჯ. გვასალია