აფელინუსი

აფელინუსი (Aphelinus mali), სიფრიფანაფრთიანი პარაზიტი მწერი ქალციდების ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,2 მმ აღწევს. იყენებენ ვაშლის საშიში მავნებლის – ბურტყლა ბუგრის წინააღმდეგ. ა. კვერცხებს ბუგრის სხეულში დებს. გამოჩეკილი მატლები ბუგრის სხეულის ქსოვილებით იკვებებიან და ღუპავენ მას. გავრცელებულია ჩრდ. ამერიკაში. ყოფ. სსრკ-ში შემოიყვანეს 1926 და 1930, გაამრავლეს ლაბორ. პირობებში და გაუშვეს კავკასიასა და უკრაინაში. საქართველოში შემოიყვანეს 1931. მისმა აკლიმატიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბუგრით გამოწვეული ზარალი.