აფთიაქი

აფთიაქი (ბერძნ. apothēkē – საწყობი, საკუჭნაო), დაწესებულება, სადაც მზადდება, ინახება და იყიდება წამლეული და სხვა სამედიცინო საქონელი. თავდაპირველად „ა-ს“ (ლათ. apotheca) ძვირფასი პროდუქტებისა და საგნების (ღვინო, წიგნები, წამლები) შესანახ ადგილს უწოდებდნენ; შემდეგ ეს სახელი წამალთა დასამზადებელ სახელოსნოს ეწოდა. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ წამლის დასამზადებელი ლაბორატორიები არსებობდა ძვ. ჩინეთში, ეგვიპტეში, რომში. ა-ის ნაშთები აღმოაჩინეს პომპეის გათხრების დროს. სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებული პირველი ა. დაარსდა VIII ს-ში ქ. ბაღდადში (ერაყი).

საქართველოში ფეოდ. ხანაში უკვე იცოდნენ წამლის დამზადების წესები და ა-ის ტიპის დაწესებულებებიც ჰქონდათ. არსებობს მოსაზრება, რომ უფლისციხეში, ვარძიაში, მაღალაანთკარში (კავთურას ხეობა) და ნიჩბისში (მცხეთის რ-ნი) აღმოჩენილი თახჩებიანი ნაგებობები წამლის სასახლე-ა-ები ყოფილა. თბილისში პირველი ა. („წამალთხანა“) კათოლიკე მისიონერებმა გახსნეს 1740 (იარსება 1755-მდე). 1779 ირანიდან მოწვეულმა ექიმმა იაკუბ-ხანმა (ი. რაინეგსმა) ერეკლე II-ის სასახლის კარზე ა. და სამკურნალო სკოლა გახსნა. 1806 თბილისში გაიხსნა პირველი სახაზინო, ხოლო 1829 ‒ პირველი კერძო (შენბერგის) ა. 1830 სამხ. ჰოსპიტლის ა-ებს ნება დართეს მოსახლეობისათვის მიეყიდათ წამალი (მანამდე მათ ამის უფლება არ ჰქონდათ). 1844 თბილისში უკვე 3 სახაზინო ა. იყო. 1860 მ. კოკოჩაშვილმა პირველი ა. გახსნა ქუთაისში. 1863 საქართველოში 15 ა. იყო, აქედან 5 თბილისში. თითო-თითო ახალციხეში, გორში, დუშეთში, თელავში, ქუთაისში, სოხუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ბორჩალოში. 1880 საქართველოს 26 ა-იდან 2 სოფლად იყო. 1887 საქართვ. ყველა ა-იდან გაიცა 401344 მან. ღირებულების (ოქროთი) 442324 თავი წამალი. 1904 საქართველოში 94 ა. იყო. 1912–14 თბილისში ქალაქის თვითმმართველობამ გახსნა კიდევ 13 ა. 1905 საქართვ. ფარმაცევტები გაერთიანდნენ პროფესიულ კავშირში, აირჩიეს გამგეობა, შეიმუშავეს წესდება და სამუშაო გეგმა. იმავე დროს შეიქმნა დას. საქართველოს – იმერეთ-გურია-სამეგრელოს ფარმაცევტთა კავშირი. 1921 წლამდე საქართველოში არსებული 161 ა-იდან ქალაქის თვითმმართველობისა იყო – 13, სამაზრო ერობისა – 49, სამონასტრო – 1, თემისა – 1, სასოფლო – 4, საზოგადოებრივი – 5, დანარჩენი ა-ები კერძო პირებს ეკუთვნოდათ. 1921 საქართვ. რევკომის დეკრეტით ყველა კერძო სააფთიაქო დაწესებულება ნაციონალიზებულ იქნა. საქართვ. ჯანდაცვის სახ. კომისარიატთან შეიქმნა ფარმაცევტული განყ-ბა, რ-საც დაექვემდებარა რესპ. ყველა ა. და სააფთიაქო საწყობი. 1924 იქვე ჩამოყალიბდა სამედ. ვაჭრობის განყ-ბა, რ-საც დაექვემდებარა 6 თბილ. და 171 სამაზრო ა. 1930 შეიქმნა საქართვ. რესპ. სააფთიაქო სამმართველო, რ-იც 1936 საქართვ. მთავარ სააფთიაქო სამმართველოდ გადაკეთდა (გაუქმდა 1994). ამჟამად საქართველოში მოქმედებს საერთაშ. სტანდარტის 600 სახელმწ. ა., მ. შ. საუწყებო (რკინიგზის, სამხ., შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვ.), ბოლო ხანს კი კერძო, კომერც. ა-ებიც (აქედან 400-ზე მეტი ლიცენზირებულია).

ლიტ.: გელბახიანი პ., ჟღენტი ვ., ტატიშვილი ი., მედიცინის განვითარება საქართველოში და ქართველი ექიმები, თბ., 1971; სალუქვაძე ს., აღმოჩენილია ზაზას აფთიაქის ნაშთები, «სამშობლო», 1992, ოქტ., № 11–14.

ვ. აბაშიძე

ბ. ჭუმბურიძე