აფშილეთი

აფშილეთი, აფსილეთი, აფშილებით დასახლებული ტერიტორია ისტ. კოლხეთში. თავდაპირველად, ფლავიუს არიანეს (II ს.) ცნობით, მოიცავდა ახლანდ. ოჩამჩირის რაიონს მდ. ღალიძგის ჩრდილოეთით მდ. კოდორამდე. წარმოადგენდა რომის ვასალურ პატარა სამთავროს. IV ს-თვის სამხრეთიდან ლაზების (ეგრების) მოწოლის შედეგად უფრო ჩრდ-ით გადაინაცვლა კოდორს გადაღმა და, როგორც ქართული წყაროებიდან (ჯუანშერი) ჩანს, ქ. ცხუმი (სოხუმი) უკვე მის მიწა-წყალზე ივარაუდება. IV – VI სს-ში ა. ლაზიკის (ეგრისის) სამეფოში შედიოდა როგორც მისი ქვეშევრდომი სამთავრო. მისი მთავარი ლაზების მეფეს ხარკს უხდიდა და ჯარითაც უნდა დახმარებოდა. VII ს. I ნახევარში ბიზანტიის ხელისუფლებამ მისი დას. ნაწილი აბაზგიასთან გააერთიანა და ა-მა დამოუკიდებელი სამთავროს სტატუსი დაკარგა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი (მდ. კოდორის სამხრეთით) ეგრისს შეერწყა. VII ს-იდან ბიზანტ. მწერლებისთვის ა. გაიგივებული იყო აბაზგიის პოლიტიკურ ცნებასთან, ხოლო VIII ს-იდან ქართულ წყაროებში ‒ ტერმინ „აფხაზეთთან“.

წყარო: არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961; პროკოპი კესარიელი, De bello gothico, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: გამყრელიძე თ., ძველი კოლხეთის სატომო სახელთა ისტორიიდან („აფხაზ“-„აბაზგ“ და „აბაზა – აფსუა“ ეთნონიმთა ისტორიულ-ეტიმოლოგიური ურთიერთობისათვის), «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1991, № 2; ინაძე მ., ძველი აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, იქვე, 1992, № 1 და 2; მისივე, აფხაზეთის ძველი მოსახლეობა, «მნათობი», 1992, № 2; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1, თბ., 1977; Анчабадзе З. В., История и культура древней Абхазии, М., 1964.

ნ. ლომოური