აფხაზები

აფხაზები: 1. ეთნონიმი, რ-ითაც თავდაპირველად აღინიშნებოდა დას. საქართველოს ჩრდ.-დას. ნაწილის მოსახლეობა. ტერმინი „ა.“ აღმოცენდა ქართ. ენობრივ სამყაროში. მასში გულისხმობდნენ როგორც საკუთრივ ა-ს, ისე დას. საქართველოს მთელ მოსახლეობას (VIII ს.). ტერმინი „ა.“ ქართული ენიდან გავრცელდა სხვა ხალხთა ენებში.

ძვ. წ. II ასწლეულის შუა წლებიდან ანტ. ხანამდე დას. ამიერკავკასიაში, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტ. ჩათვლით, გავრცელებული იყო კულტურა, ცნობილი კოლხური კულტურა|კოლხური კულტურის სახელით, რ-იც, მიუხედავად რიგი ადგილ. თავისებურებებისა, ამ რეგიონისათვის საერთო მოვლენად არის მიჩნეული. ერთიან სამყაროდ აღიქვამდნენ ამ ტერიტორიას ძვ ბერძენი მწერლებიც, მათ შრომებში იგი ცნობილია როგორც კოლხეთი, ხოლო აქაურ ქალაქებს კოლხეთის ქალაქებად თვლიდნენ (თანამედროვე აფხ. ტერიტორიაზე ცხუმი-დიოსკურია, ბიჭვინთა-პიტიუნტი და სხვ.). ახ. წ. I ს-ში რომაელი პლინიუსი იხსენიებს სებასტოპოლისთან (ახლანდ. სოხუმი) მცხოვრებ აფსილები|აფსილებს, ხოლო II ს-ში არიანე, შავი ზღვის გარშემო თავისი მოგზაურობის აღწერისას, აფსილებისა და მათ შემდგომ მცხოვრები აბაზგები|აბაზგების ტერიტორიას მიანიშნებს ლაზები|ლაზებსა და სანიგების მიწებს შორის. უფრო მოგვიანებით (VI ს.) ბიზანტ. მწერლები პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი ახსენებენ მისიმიელები|მისიმიელების (სვანები) ტომსაც. აფსილთა და აბაზგთა (რ-თაც მეცნიერთა ნაწილი დღევანდელ აფხაზთა წინაპრებად თვლის) ასეთი ნაგვიანევი მოხსენიება, მეცნიერებაში ორგვარად აიხსნება: ერთი მოსაზრების მიხედვით, ამ ტომთა გამოჩენა ისტორიულ სარბიელზე უნდა იყოს პირველ საუკუნეებში მთის მოსახლეობის ბარში ინტენს. ჩამოსახლების პროცესის შედეგი. მეორე თვალსაზრისის მიხედვით კი, ბერძენი მწერლებისათვის ძვ. კოლხეთის მოსახლეობა, მიუხედავად მისი არაერთგვაროვანი ეთნიკური შემადგენლობისა, ერთიანად აღიქმებოდა და ამიტომ არ გამოყოფდნენ დამოუკიდებელ ეთნოსებს. ქართ. წყაროებში ტერმინი „ა.“ იხსენიება VIII ს-იდან (ქვეყნის დასახელება „აფხაზეთი“ დას. საქართველოს მნიშვნელობით).

ისტორიული ა-ის ქრისტიანობას მრავალი ცნობა ადასტურებს. გადმოცემების თანახმად, აფხაზეთში უმოგზაურია ანდრია მოციქული|ანდრია მოციქულს, პირველწოდებულს (I ს.). აქვე გარდაცვლილა და დაუკრძალავთ სიმონ კანანელი. IV ს-ში ბიჭვინთაში არსებობდა საეპისკოპოსო, ხოლო VI ს-ში აბაზგიამ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა (პროკოპი კესარიელი). თანამედროვე აფხაზეთის ძვ. მოსახლეობის ქრისტიანობას ადასტურებს ამ რეგიონში არსებული ქრისტიანული არქიტექტურა და სიმბოლოკა. IX ს-იდან, როცა დას. საქართველოში ქართულმა ენამ ეკლესიაში საბოლოოდ შეცვალა ბერძნული, სარწმუნოების, მწიგნობრობისა და სახელმწიფო მმართველობის ენა აფხაზეთში ქართულია და ა. ეთნოკულტურული თვალსაზრისით ისეთივე ქართველები არიან, როგორც საქართველოს სხვა ისტორიული პროვინციების მოსახლეობა (მეგრელები, გურულები, კახელები და სხვ.). XI – XIV სს-ში, გაერთ. საქართველოს ხანაში, ტერმ. „აფხაზების“ მნიშვნელობა სცილდება დას. საქართველოს და უკვე საერთოდ ქართველსაც აღნიშნავს. ტერმინი ასეთი შინაარსით შევიდა მრავალი მეზობელი ხალხის ენაში. ეს მოხდა გაერთ. საქართველოს მეფეთა ტიტულატურის გავლენით, რ-იც ასახავდა საქართველოს გაერთიანების პოლიტ. პროცესის ძირითადი ეტაპების თანმიმდევრობას. ამიტომ აქ პირველ ადგილას მოიხსენიებოდა „მეფე აფხაზთა“, ე. ი. დას. საქართველოს მეფე. XIII ს. შემდგომ ხანებში ა-თა მოხსენიება ძველებურად პირველ ადგილზე რჩება მეფეთა ტიტულატურაში, მაგრამ „აფხაზები“ და „აფხაზეთი“ თანდათან იცვლება ტერმინებით „ლიხთიმერნი“ და „ლიხთ იმერეთი“, თვით ტერმინები „აფხაზები“ და „აფხაზეთი“ თავისი მნიშვნელობით ლოკალიზდება მდ. კოდორის გადაღმა მდებარე ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის ფარგლებში. ამით მთავრდება სახელწოდებათა ურთიერთშემცვლელი მწკრივი, რ-იც აღნიშნული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.): „ქვეყნისა ამისა სახელნი არიან საერთოდ სამი: პირველად ეგრისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი“ (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 742).

საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდგომ ძლიერდება მთის მოსახლეობის ბარში გადმოსვლის პროცესი, რ-შიაც აქტიურად არიან ჩართული ჩრდილო კავკასიელი მთიელები. ამ პროცესის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა მნიშვნელოვანი ეთნიკური, სარწმუნოებრივი და კულტ.-სოც. ცვლილებები. დაიწყო ქართული ენისა და ქრისტიანობის შევიწროება. ამ პერიოდიდან ტერმინი „აფხაზები“ იცვლის თავის ეთნოკულტურულ მნიშვნელობას და უკვე მხოლოდ იმ ხალხს აღნიშნავს, ვინც თავის თავს „აფსუას“ უწოდებს.

2. თვითდასახელება აფსუა (ქვეყნის სახელი ‒ აფსნი), ხალხი, თანამედროვე აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი, რ-ის რაოდ. საქართველოში აღწევს 95,9 ათ. (1989), აქედან აფხაზეთში ცხოვრობს 93,3 ათ. საქართველოს გარდა ა. ცხოვრობენ თურქეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც მათი განსახლება ძირითადად მოხდა მუჰაჯირის აჯანყება|მუჰაჯირობისა და აფხაზეთის აჯანყება 1866|1866 აფხაზეთის აჯანყების შემდეგ. ენა განეკუთვნება კავკასიური ენების ჩრდ.-დასავლურ ჯგუფს. მათ ენას ქართველები უწოდებენ „აფხაზთა ენას“, ზოგი მკვლევარის აზრით, XVIII ს-ში მოხსენიებული „აფსართა ენა“ აფსუათა ენას ნიშნავს.

ქართ. ისტორიულ წყაროებში ეს ხალხი მოიხსენიება „აფხაზების“ სახელით. ქართ. ისტორიულ მეცნიერებაში თანამედროვე ა-ის წარმოშობის შესახებ არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რ-თა შორის საყურადღებოა: 1. ა. არიან შავი ზღვის პირას, ისტ. კოლხეთში ძველად განსახლებული ტომების, კერძოდ, აფშილებისა და აბაზგების შთამომავლები; 2. ა. ჩამოსახლებულნი არიან XV–XVII სს. იმიერკავკასიის მთიანეთიდან; 3. ა-ის ჩამოყალიბება მოხდა ქართველური და ადიღური ტომების შერწყმის შედეგად. უდავოა, რომ სამივე შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა მიგრაციისა და ასიმილაციის პროცესი.

თანამედროვე ა. ანთროპოლოგიურად ქართველებთან ერთად განეკუთვნებიან ინდოხმელთაშუაზღვის რასის წინააზიურ შტოს, მაშინ როცა ა-თა ენობრივი ნათესავები, ადიღე-ჩერქეზები, გაერთიანებული არიან ამავე რასის პონტოურ შტოში (მ. აბდუშელიშვილი).

ა. იყოფიან რამდენიმე შიდა ეთნიკურ ჯგუფად: საძებე (ჯიქები), ბზიფელები, გუმაელები, აბჟუელები, ფსხუელები. თითოეული მათგანი დიალექტური და კულტურული თავისებურებებით ხასიათდება.

XIX ს. და XX ს. დასაწყისში ა-თა მეურნეობის წამყვანი დარგი იყო მესაქონლეობა, განსაკუთრებით წვრილფეხა მესაქონლეობა (თხა). ბარში მისდევდნენ მსხვილფეხა საქონლის მოშენებას (ძროხა, კამეჩი); სათეს კულტურათაგან უძველესი დროიდან დამკვიდრებული იყო ფეტვი, ღომი, ქერი, ხორბალი. მოგვიანებით ძირითადი კულტურა გახდა სიმინდი. განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ნადირობას, მეფუტკრეობას. ა-თა საცხოვრებელი მრგვალი, მოწნული, ერთკამერიანი სათავსი იყო, რ-საც ჩალით ხურავდნენ და თიხით ლესავდნენ. იგი შეესაბამებოდა ა-თა ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ექსტენსიურ მეურნეობას (გ. ძიძარია). არსებობდა ასევე ერთკამერიანი ოთხკუთხა ფიცრული, რ-საც მრგვალი გადახურვა ჰქონდა. ასეთ სახლში სოციალურად მაღალი ფენა ცხოვრობდა. თანამედროვე სოფლის საცხოვრ. სახლები ქალაქურს დაუახლოვდა. წარჩინებული აფხაზი მამაკაცის ტანსაცმელი იყო ჩოხა, რ-საც შინნაქსოვი შალისაგან კერავდნენ. ქალებს ეცვათ გრძელი, წელში გადაჭრილი კაბა (ნაზა).

გვიანდ. პერიოდამდე არსებობდა ძლიერი საგვარეულო კავშირები, რ-თაც საერთო წინაპარი ჰყავდათ, მკაცრად იცავდნენ ურთიერთდახმარების და სისხლის აღების წესს, ჰქონდათ საერთო სათემო კულტი და საგვარეულო სასაფლაო. ისტ. წყაროების თანახმად, ა-ში გავრცელებული იყო მიცვალებულის ხეზე დაკრძალვის წესი (ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, I, თბ., 1971, გვ. 194; ვახუშტი ბაგრატიონი, ქართლის ცხოვრება, IV, გვ.786).

აფხაზეთში ქრისტიანობის უკიდურესი შესუსტების შედეგად მოხდა ძვ. წარმართული სარწმუნოების გააქტიურება, რ-იც ცოცხალი და მოქმედია მოსახლეობაში. თურქეთის ბატონობის ხანაში გავრცელდა (XVI ს-იდან) სუნიტური ისლამი. მაჰმადიანი ა. რუსეთის იმპერიამ მასობრივად გაასახლა თავის საზღვრებს გარეთ (მუჰაჯირობა). ა-ის წინაქრისტიანული და წინაისლამური წარმოდგენები მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებენ როგორც ქართველთა, ისე ჩრდილო-კავკასიელთა ანალოგიურ რწმენა-წარმოდგენებთან. ამასთანავე, თანამედროვე ა-ის რწმენა-წარმოდგენათა ამსახველ გადმოცემებში ასახულია მოსული ჩრდილოელების მიერ ადგილობრივ სალოცავთა ყმადქცევის პროცესი, რითაც ხდებოდა მათი რელიგ. და სოც. ადაპტაცია (იხ. ხატის ყმობა). არსებობს ისეთი გადმოცემებიც, რ-ებიც აშკარად მიუთითებენ სალოცავების დაარსებას ჩრდილოეთიდან მოსული წინაპრის სახელობაზე, რაც ასახავს უკანასკნელ საუკუნეებში ჩრდილოკავკასიელთა მასობრივად ჩამოსახლების პროცესს.

ეთნოგრ. მონაცემებით, ა-ის მთავარი ღვთაებები არიან ტყის, ნადირისა და ნადირობის მფარველები ‒ აიერგი და აჟვეიფშა. ამათ გვერდით თაყვანს სცემენ ფუტკრისა და ნადირობის, ასევე ქალებისა და ქორწინების მფარველ ქალღვთაებას ანანაგუნდას, საქონლის მფარველ დიდ ღვთაებას ‒ აითარს, დათესილი მინდვრების მფარველს, ქალღვთაება ჯაჯას. ასევე სწამთ ქსოვისა და რთვის ქალღვთაება ერიში, „ადგილდედფალი“ (ადგილის დედოფალი), წყლის განმგებელი ქალი ძიძლანი და ა. შ. განსაკუთრებით ძლიერი და მკაცრია ელვისა და ჭექა-ქუხილის ღვთაება აფი, პოპულარულია მჭედლობის მფარველი და სამჭედლოების პატრონი შაშვი. მდედრობითი და მამრობითი ღვთაებები წარმოადგენენ სანათესაო ჯგუფს, ჰყავთ უფროსი ‒ მამა; თუ ღვთაებები სისხლით ნათესავებად არ ითვლებიან, ისინი ხელოვნური ნათესაობით უკავშირდებიან ერთმანეთს. ღვთაებათა სახელზე გამართულ სათემო და საგვარეულო დღესასწაულებზე სწირავენ მსხვერპლს, ძირითადად თხას. ეთნომუსიკალური მონაცემები ‒ მელოინტონაციური და ჰარმონიული ელემენტების ერთგვაროვნება მუსიკალური აზროვნების უადრეს საფეხურზე, ასევე ტიპოლოგიური მსგავსების ფაქტები მომდევნო ხანებში მიუთითებენ, რომ ამ რეგიონში ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრების უწყვეტი პროცესი, რ-შიც წამყვანი როლი ეკისრებოდა ქართულ კულტურას. მიუხედავად ასეთი საერთო სურათისა, ა-ის ყოფაში არის დამოწმებული ფაქტები, რ-თა ჩრდილოკავკასიური წარმომავლობა სრულიად აშკარაა. ასეთია ნართების ეპოსი, რ-იც კავკასიონის სამხრ. ფერდობზე ა-სა და ოსებს შორის დასტურდება. ეს ელემენტები შემოჭრილია მათ მატარებელ ეთნოსებთან ერთად შედარებით ახალ დროში [იხ. აგრეთვე საქართველო (ისტორიული მიმოხილვა), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს რესპუბლიკა.

წყარო: არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 1938; ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1–2, გ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1971–73; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8 (სრული ვარიანტი), თბ., 1990; გამყრელიძე თ., ძველი კოლხეთის სატომო სახელთა ისტორიიდან („აფხაზ-აბაზგ“ და „აბაზა-აფსუა“ ეთნონიმთა ისტორიულ-ეტიმოლოგიური ურთიერთობისათვის), «მაცნე». ისტ. არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1991. №2; გვანცელაძე თ., კვლავ ეთნონიმ „აფხაზისა“ და მასთან დაკავშირებულ ფუძეთა შესახებ, კრ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993; მისივე, ქართველთა აღმნიშვნელი ტერმინები აფხაზურსა და აბაზურ ენებში, იქვე; კახაძე ო., აფხაზ-/აფხაზა... ფუძის თაობაზე, იქვე; ოსიძე ე., აბასკ//აბასგ ეთნონიმის წარმომავლობისათვის, იქვე; ინაძე მ., ანტიკური ხანის შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის საკითხისათვის, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1960, №2; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლორთქიფანიძე მ., აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 1990; საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. 1 – 2, თბ., 1970 – 73; Абдушелишвили М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; Анчабадзе З. В., Очерк этнической истории абхазского народа, Сух., 1976; Джанашиа Н. С., статьи по этнографии Абхазии, Сух., 1960; Дзидзария Г. А,, Присоединение Абхазии к России и его историческое значение, Сух., 1960; Званба С. Т., Абхазские этнографические этюды, Сух., 1982; Инал-Ипа Ш. Д., Вопросы этно-культурной истории абхазов, Сух., 1976; მისივე, Абхазы, 2 изд., Сух., 1977; Ладария И. Г., К изучению дерматоглифики населения Западного Кавказа, «Советская этнография», 1975, № 4; Марр Н. Я., История термина „абхаз“, «Известия Императорской Академии наук», 1912, № 11; მისივე, Крещение армян, грузин, абхазов и аланов святым Григорием (арабская версия), [Тфл.], 1905; Меликишвили Г. А., Древневосточные материалы по истории народов Закавказья, ч. 1 – Наири-Урарту, Тб., 1954; მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959; Пайчадзе Г. Г., Название Грузии в русских письменных исторических источниках, Тб., 1989.