აფხაზეთის აჯანყება 1821–24, სახალხო მოძრაობა აფხაზეთში ცარიზმის კოლონიური რეჟიმისა და მისი მომხრე ფეოდალების წინააღმდეგ. შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო აფხ. მთავრის გიორგი (საფარ ალი-ბეი) შარვაშიძის გარდაცვალების შემდეგ (7. II. 1821), როდესაც სოფ. ეშერის მცხოვრებლები თავს დაესხნენ რუსების სამხ. რაზმს. მეორე დღეს აჯანყებულებმა შეუტიეს სოხუმის მისადგომებს, სადაც რუს. გარნიზონი იდგა. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სამშობლოში დაბრუნებული აფხ. ყოფილი მთავარი, თურქ. ორიენტაციის ასლან-ბეი შარვაშიძე. რუს. ხელისუფლებამ მას დაუპირისპირა აფხ. ტახტის ოფიც. მემკვიდრე, პეტერბურგში გაზრდილი და გარუსებული დიმიტრი (ომარ-ბეი) შარვაშიძე, რ-იც სასწრაფოდ ჩამოიყვანეს საქართველოში. იმერეთის მმართველმა გენ. გორჩაკოვმა რეგულარული ჯარის ნაწილებით (1,5 ბატალიონი, 2 ქვემეხი) და 600 ცხენოსნით გაილაშქრა გამდგარი აფხაზეთის წინააღმდეგ. ცხარე შეტაკებები მოხდა მდ. კოდორის შესართავთან, სადაც 3 ათ. აფხაზი იყო გამაგრებული. მთავრობის ჯარმა 16-საათიანი ბრძოლით გაარღვია აჯანყებულთა პოზიციები და 13 ნოემბ. სოხუმში შევიდა. აქედან გორჩაკოვმა ერთი რაზმი წებელდისაკენ გააგზავნა, მთავარი ძალით კი ბზიფის მხარეში შეიჭრა. დამსჯელმა რაზმებმა მრავალი აფხ. სოფელი გადაწვეს, აჯანყების მონაწილე ფეოდალთა მამულები დაარბიეს. ასლან-ბეი ჯიქეთში გადავიდა. გორჩაკოვმა აფხ. მთავრად გამოაცხადა დიმიტრი შარვაშიძე, რ-საც იცავდა ლიხნის გარნიზონი. მცირე ხნის შემდეგ ასლან-ბეიმ ჯიქების რაზმით შეუტია ამ გარნიზონს, მაგრამ იგი უკუაგდეს და აფხაზეთიდან გადაიხვეწა. საოკუპაციო ხელისუფლების მხრივ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, შეიარაღებული წინააღმდეგობის იდეა აფხაზეთში არ გამქრალა. დიმიტრი (ომარ-ბეი) ხალხში პოპულარობით არ სარგებლობდა, მის სასახლეს ხშირად ესხმოდნენ თავს. 1822 დიმიტრი მოულოდნელად გარდაიცვალა (ოფიც. ვერსიით იგი მსახურმა მოწამლა). 1823 აფხ. მთავრად დაამტკიცეს დიმიტრის უმცროსი ძმა ‒ 13 წლის მიხეილი (ჰამუთ-ბეი). მაგრამ მისი ხელისუფლება აფხაზეთში მტკიცე არ იყო. სამთავროს სხვადასხვა რ-ნში დაიწყო გლეხთა მღელვარება, რ-იც 1824 დასაწყისისთვის გაძლიერდა. მოსახლეობის დასაშინებლად რუს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცალკეული ურჩი სოფლები დაესაჯა. 1824 წ. 22 მაისს სოხუმის კომენდანტმა მიხინმა სამხ. რაზმით (225 კაცი) გადაწვა სოფ. აკაფა. უკან მობრუნებულ რუსებს აკაფელები თავს დაესხნენ და საგრძნობლად დააზარალეს ისინი. ამის შემდეგ აჯანყებამ მთელი სამთავრო მოიცვა. თურქების დახმარებით ასლან-ბეი სამშობლოში დაბრუნდა. აჯანყებულები თავს ესხმოდნენ ცარიზმის მომხრე ფეოდალებს. მათ ალყაში მოაქციეს სოხუმისა და ლიხნის გარნიზონები, დახმარებისათვის მიმართეს უბიხებსა და საძებს. რუს. სარდლობამ ენერგიული ზომები მიიღო აჯანყების ჩასახშობად: აფხაზეთისაკენ კვლავ დაიძრა გორჩაკოვი 1400 ჯარისკაცითა და 4 ქვემეხით; მას შეუერთდა სამეგრელოს სამთავროს მხედრობაც (1100 კაცი). სევასტოპოლიდან სამხ. გემები გამოიძახეს, პირველი შეტაკება მდ. ენგურთან მოხდა. მთავრობის ჯარი მძიმე ბრძოლებით მიიწევდა წინ, 10 ივლ. გორჩაკოვმა დიდი ზარალის ფასად სოხუმს მიაღწია. 20 ივლ. დაიწყო შეტევა მდ. ბზიფის მიმართულებით. რუსებმა გაფანტეს აჯანყებულთა რაზმები და ლიხნის გარნიზონი ბლოკადისაგან იხსნეს, დამარცხებული ასლან-ბეი ისევ გადაიხვეწა სამშობლოდან.
ლიტ.: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX веке, Сух., 1958; Дубровин Н., История войны и владычества русских на Кавказе, т. 6, СПб., 1888; Ермолов А. П., Записки, ч. 2. 1816–1827 гг., М., 1868; Утверждение русского владычества на Кавказе, под ред. В. Потто, т. 3, ч. 2, Тфл., 1904.
გ. ანჩაბაძე