აფხაზეთის აჯანყება 1840–42, ანტიკოლონიური აჯანყება მთიანი აფხაზეთის ოლქებში ‒ დალსა და წებელდაში (მდ. კოდორის ზემო და შუა წელი). დალ-წებელდამ, სადაც მარშანიათა ფეოდ. საგვარეულო პირველობდა, 1810 აფხ. სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ ფაქტობრივი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. კავკასიის მთავარმართებელმა ბარონმა როზენმა მხოლოდ იარაღის ძალით მოახერხა 1837 წებელდაში რუს. მმართველობის შემოღება. 1840 დასაწყისში ზღვისპირა აფხ.-ადიღ. ტომებმა (შაფსუღებმა, უბიხებმა, ჯიქებმა) გაააქტიურეს ბრძოლა რუს. ჯარების წინააღმდეგ. მათ აჯანყებისაკენ მოუწოდეს აგრეთვე დალ-წებელდის მოსახლეობას, რ-იც უკმაყოფილო იყო ცარიზმის კოლონ. რეჟიმით. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა დალელი თავადი შაბათ მარშანია. მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულთა რაზმები თავს ესხმოდნენ მთავრობის ერთგულ ფეოდალებს და სახელმწ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რუს. ხელისუფლებამ აჯანყების ჩასახშობად 1840 ზაფხულში დამსჯელი ექსპედიცია გააგზავნა, რ-შიც აფხ. სამთავროს 2280-კაციანი მილიციაც შედიოდა. მთავრობის ჯარებმა წებელდა დაიკავეს, მაგრამ დალში ვერ შეაღწიეს. რუს. სარდლობისათვის ცნობილი გახდა, რომ დალელთა დასამარცხებლად უბიხებმა 1000-კაციანი რაზმი შექმნეს. მთიელთა გაერთიანება რომ არ დაეშვა, ხელისუფლებამ 1840 დეკ. დალის წინააღმდეგ გაგზავნა ძლიერი რაზმი (რეგულ. ჯარის 6 ასეული, 6 ქვემეხი, 1300 მილიციელი). მთავრობის ჯარმა იერიშით აიღო დალის „კარები“ ‒ ბაგადის ვიწროები და ხეობაში შეიჭრა. დალელები ბრძოლით იხევდნენ უკან, რადგან მთავრობის ჯარს დიდი რიცხობრივი და ტექ. უპირატესობა ჰქონდა. რუს. ჯარი წვავდა მთიელთა მიტოვებულ სოფლებს, სპობდა და ანადგურებდა ყველაფერს. დამსჯელი რაზმის მეთაურს პოლკ. მურავიოვს განზრახული ჰქონდა დალელები მშობლიური ადგილებიდან გაეძევებინა და მოესპო მთელი აფხაზეთის უკმაყოფილო ელემენტების თავშესაფარი. მთავრობის მხრივ ასეთმა სისასტიკემ კიდევ უფრო გააღვიძა აჯანყებულთა სიძულვილი დამპყრობლების მიმართ. ტყეში გასულმა დალელებმა მტერს ზურგიდან შემოუარეს და კომუნიკაციები გადაუჭრეს. საექსპედიციო რაზმი დაღუპვისაგან იხსნეს ცარიზმის მომხრე ფეოდალებმა, რ-ებმაც მომხდურები სამშვიდობოს მთის ბილიკებით გაიყვანეს.
1841 გურიის აჯანყების გავლენით ანტიკოლონიური ბრძოლა აფხაზეთში გააქტიურდა. დალელი პარტიზანები ზღვისპირა რ-ნებში ჩადიოდნენ და თავს ესხმოდნენ სამხ. ნაწილებს. საპასუხოდ მთავრობის ჯარები კოდორის ხეობას ლაშქრავდნენ. 1842 წებელდაში ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა შ. მარშანია. იგი შეცვალა მისმა უმცროსმა ძმამ ‒ ეშსოუმ. მარშანიათა საგვარეულოს ზოგი სხვა წარმომადგენელი კი აქტიურად ეხმარებოდა მთავრობის ჯარს, რისთვისაც მათ აჯანყების მონაწილეთა სამფლობელოები მიიღეს.
ლიტ.: Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальное отношения в Абхазии в XIX веке, Сух., 1958; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, Сух., 1960.
გ. ანჩაბაძე