აფხაზეთის აჯანყება 1866, ბატონყმური და რუს. კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება აფხაზეთში. აჯანყება დააჩქარა სოხუმის წოდებრივ-საადგილმამულო კომისიის საქმიანობამ. ბზიფის ოკრუგის გლეხებმა, რ-ებიც გამოსყიდვის გზით განთავისუფლების წინააღმდეგები იყვნენ, კომისიას საჭირო მასალების მიწოდებაზე უარი უთხრეს, კომისიის წევრთა დასახმარებლად ჩავიდა „სოხუმის განყოფილების“ უფროსი პოლკ. კონიარი. 26 ივლ. სოფ. ლიხნში (ახლანდ. გუდაუთის მუნიციპ-ი) კონიარმა გლეხებს მოსთხოვა საჭირო ცნობების დაუყოვნებლივ წარდგენა და, როცა უარი მიიღო, ხალხს წამქეზებელ-მეამბოხეთა გასახლებით დაემუქრა. კონიარის უხეშობამ ააჯანყა გლეხები. მათ მოკლეს პოლკ. კონიარი, დახოცეს კომისიის წევრები და 50-ზე მეტი კაზაკი. ლიხნის ამბებმა თითქმის მთელი აფხაზეთი აამხედრა. ათასობით კაცმა აისხა იარაღი. 26 ივლ. აჯანყებულთა ერთმა ჯგუფმა სოხუმის გარეუბნები დაიკავა, მაგრამ მეორე დღეს ფოთიდან ჩასულმა სამხედრო ნაწილებმა მათ უკან დაახევინეს. 30 ივლ. გათენებისას გლეხებმა იერიში მიიტანეს სოხ. ციხეზე, მაგრამ უშედეგოდ. იმავე დღეს გენ.-გუბერნატორ კ. სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით კონტრშეტევაზე გადავიდნენ ქუთაისიდან ჩასული რეგულარული ჯარის ნაწილები. ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, გლეხებს იარაღი არ დაუყრიათ. ადგილ ხელისუფლებას განუწყვეტლივ მოსდიოდა დამხმარე ძალა ფოთიდან, ნოვოროსიისკიდან, სევასტოპოლიდან და სხვ. სვიატოპოლკ-მირსკიმ 3 აგვ. სოხუმში თავი მოუყარა ქალაქის გარეუბნების მამასახლისებს და მათი მეშვეობით აჯანყებულებს იარაღის დაყრა და ხელისუფლებისადმი დამორჩილება მოსთხოვა. 4 აგვ. აჯანყებულები იძულებული გახდნენ დაეწყოთ იარაღის ჩაბარება. დანებდნენ წებელდისა და ბზიფის ოკრუგის მცხოვრებლებიც. სექტ. დასაწყისისთვის გლეხების განიარაღება მთლიანად დამთავრდა. აჯანყების აქტ. მონაწილეები საველე სასამართლოს გადასცეს. გლეხები ხანაშ კალღი, კაკუჩალიფა, და აზნაური ყაზილ-ბეკ მარღანია საჯაროდ ჩამოახრჩვეს. აფხაზეთიდან გადაასახლეს აჯანყების 30 მონაწილე (უპირატესად ციმბირში).
ლიტ.: Дзидзария Г. А., Востание 1866 года в Абхазии, Сух., 1955; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, Сух., 1960.
ი. ანთელავა