აფხაზეთის დოლმენები, ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III – II ათასწლ.) მეგალითური ტიპის სამარხი ნაგებობები. აღმოჩენილია სოფ. ეშერაში, აზანთაში, ოთხარაში, აჭანდარაში, ცუგუროვკაში, ყულანურხვაში, შრომაში, მდ. ფსოუზე, დოუს გადასასვლელზე და სხვ. მაგრამ არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ ეშერის ჯგუფის დოლმენებია შესწავლილი. ეშერის დოლმენები, ისევე როგორც კავკ. დოლმენთა უმრავლესობა, შედგენილია ვერტიკალურად ჩასმული ოთხი მასიური გათლილი ქვისაგან, რ-ებიც მეხუთე ქვითაა გადახურული. ზოგ დოლმენში ქვის ფილისავე იატაკია დადასტურებული. ზოგჯერ იატაკის ქვა მთლიანად არ არის და მხოლოდ დოლმენის წინა და უკანა კედლების ქვეშაა დადებული. დოლმენებს გეგმაში ტრაპეციის ფორმა აქვს. ფართო წინა კედელში, რ-იც უპირატესად სამხრ-ით და სამხრ.-აღმ-ითაა მიქცეული, გაკეთებულია 0,4 მ დიამეტრის მრგვალი ხვრელი, რ-საც გარედან უკეთდებოდა ქვის საცობი. სიგრძივ კედლებსა და იატაკის ქვებზე შეინიშნება სხვადასხვა სიგანის ნარიბანდები. სიგრძივ კედლებს გარედან შესამაგრებლად შემოწყობილი აქვს მოზრდილი ქვები. კედლის ქვის მასა ზოგ შემთხვევაში 50 ტ აღემატება.
დოლმენებში კრძალავდნენ, როგორც ჩანს, ერთი გვარის წარმომადგენლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ა. დ-ში დაკრძალვის წესის ზუსტი დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მიცვალებულთა ძვლები სამარხში უწესრიგოდაა გაფანტული ან კუთხეში მიყრილი.
ა. დ. ძირითადად გავრცელებული ყოფილა ადრინდ. და შუა ბრინჯაოს ხანაში. ადრეულ საფეხურზე გვხვდება მომცრო ზომის ტლანქად ნაგები დოლმენები, რ-ებშიც მხოლოდ ერთი კულტ. ფენაა დადასტურებული. მათში აღმოჩენილი ინვენტარი (ბრინჯაოს ყუადაქანებული ცულები, კავები, ფოთლისებური მოყვანილობის შუბის თუ სატევრის პირები, საკინძები, კერამიკა და სხვ.) შესაძლებლობას იძლევა ისინი ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასასრულით (ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ.) დათარიღდეს.
დოლმენები ფართოდ გამოიყენება მომდევნო, შუა ბრინჯაოს ხანაშიც. ამ პერიოდის დოლმენები უფრო მოზრდილია და უკეთ არის ნაგები. მათში აღმოჩენილი ნაკეთობანი (ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები და მათი მინიატიურული მოდელები, ფოთლისებრი სატევრები, ცხვრის თავებით შემკული ცულის ყუის დამატებითი მასრა, გვერდგახვრეტილი „რქიანი“ ჩიტების ქანდაკებანი, თავდაფანჯრული საკინძები, მძივები, კერამიკა და სხვ.) უფრო განვითარებული ფორმებისაა და ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარს განეკუთვნება. როგორც ადრე, ისე შუა ბრინჯაოს ხანის მასალები ტიპიურია მთელი კოლხეთის დაბლობის ტერიტორიისათვის.
მოზრდილი დოლმენები უშენებიათ ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანაშიც. აფხ. ზოგიერთი დოლმენი დასაკრძალავად გამოუყენებიათ გვიანდ. ბრინჯაოს და ადრინდ. რკინის ხანაშიც (ძვ. წ. II–I ათასწლ.).
გაურკვეველია ამ ტიპის სამარხთა წარმომავლობის საკითხი. მკვლევართა ნაწილი დოლმენურ კულტურას ევროპიდან გავრცელებულად თვლის, ნაწილი უპირატესობას აფრიკას, აზიას ან კავკასიას ანიჭებს, ზოგი კი იმ აზრსაც არ გამორიცხავს, რომ დოლმენური კულტურები სხვადასხვა მხარეში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა.
ლიტ.: ჯაფარიძე ო., დოლმენური კულტურა საქართველოში, «თსუ შრომები», 1955, ტ. 77; მისივე, ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961; Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.] 1, Тб., 1949.
მ. ბარამიძე