აფხაზეთის კავკასიონი, კავკასიონის დას. ნაწილი, მდ-ების ფსოუსა და საკენის სათავეებს შორის. მოიცავს მთავარ ქედს და მის სამხრ. განშტოებებს: გაგრის, ბზიფის, ჩხალთისა და კოდორის ქედებს, რ-თა შორის მოქცეულია ბზიფის, ჩხალთის, საკენისა და სხვა. ხეობები. უმაღლესი წერტილია მწვ. დომბაიულგენი (4046 მ); უღელტეხილებია: კლუხორი, ნაჰარი, მარუხი, სანჩარო, ხიდა და სხვ. მათზე გადადის საცალფეხო გზები. ა. კ-ს ახასიათებს სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა. განეკუთვნება ალპ. ნაოჭა სისტემას. თითქმის ყველა მაღალი ქედის ზემო ნაწილში არის ტროგული ხეობები, მყინვარული ცირკები, მყინვარული ტბები და სხვ. ა. კ-ის ბუნება მრავალფეროვანია. აქ არის თითქმის ყველა სიმაღლითი ლანდშაფტური ზონა მათი კარსტული სახესხვაობებით: მთა-ტყის (ფართოფოთლოვანი) ზონა ტყის ყომრალი ნიადაგებით (500–600 მ-იდან 1300–1400 მ-მდე); წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყის ზონა ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით (1000–1300 მ-იდან 1800–1900 მ-მდე); სუბალპ. ზონა მთის მდელოს ნიადაგებით, სუბალპ. ტყე-ბუჩქებით, ლიხითა და მდელოებით (1800–1900 მ-იდან 2300–2400 მ-მდე); ალპ. ზონა მთა-მდელოს ნიადაგებით, მდელოებითა და ხალებით (2300–2400 მ-იდან 2700–2800 მ-მდე); სუბნივალური და ნივალური ზონა შიშველი კლდეებით, თოვლითა და მყინვარებით (2800–2900 მ ზემოთ).
მ. სანებლიძე