„აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი“, „აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლობის დავთარი“, დას. საქართველოს საკათალიკოსო ყმებისა და მათი გადასახადების წიგნი („ნუსხა“). შედგენილია 1622 აფხ. კათალიკოსის მალაქიას დაკვეთით. დავთარში სრულად არის აღწერილი იმერეთის, გურიისა და ოდიშის (აფხაზეთითურთ) ტერიტორიებზე კათალიკოსის კუთვნილი ყმა მეკომურები და მათი ბეგარა-სამსახური; შეტანილია ცალ-ცალკე ცაიშის, ხონისა და ჯუმათის საეპისკოპოსოების საყმო დავთრებიც, რადგან 1622 მალაქია კათალიკოსი ცაიშელ-ჯუმათელი და ხონელი ეპისკოპოსიც იყო. დღეისთვის ხელნაწერში საჯუმათლოს დავთარი აღარ მოიპოვება, შემორჩენილია მხოლოდ ცნობები საჯუმათლოს საყმო მიწა-წყალზე მცხოვრებ მოლაშქრე მსახურ-აზნაურთა კომლობრივი რაოდენობის შესახებ. „ა. ს. გ. დ. დ.“ მნიშვნელოვანი, სანდო წყაროა დას. საქართველოს სოც.-ეკონ. ისტორიისა და დემოგრაფიული საკითხების შესასწავლად.
პუბლ.: კაკაბაძე ს., აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი, ტფ., 1914; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: ლომინაძე ბ., ფეოდალური მეურნეობის ორგანიზაციის ისტორიიდან გვიანფეოდალურ საქართველოში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954; ნაკვ. 30; მუსხელიშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XVI–XVII სს., «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6; ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგ. 1, ტფ., 1930.
ბ. ლომინაძე