ახალწელიწადი

ახალწელიწადი, ახალი წლის პირველი დღე.

ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა დროს მიიჩნევდა. მისი თარიღი საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ახლა ევრ. და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ა-ს 1 იანვარს ზეიმობენ. იმ ქვეყნებში, სადაც მთვარის ან მთვარისა და მზის კალენდარია მიღებული, წლის დასაწყისიც მოძრავია (იხ. კალენდარი).

ქართ. კალენდრის შესაბამისად, ახალი წლის პირველი დღის (ა., ახალი წელი, მეგრ. „ახალ წანა“, სვან. „ზომხა“) თარიღი საქართველოშიც ცვალებადი იყო. სხვადასხვა ისტ. ხანაში ქართველების სამოქალაქო ცხოვრებაში მიღებული ყოფილა აგვისტოს, სექტემბრის, იანვრისა და მარტის წელიწადი (ქრისტიანობის ხანაში სამოქალაქო წელიწადის პარალელურად არსებობდა საეკლ. წელიწადი). ა. VII ს-მდე აგვ.-იდან იწყებოდა, შემდეგ კი შემოიღეს სექტემბრის წელიწადი, რ-იც IX ს. დამდეგამდე ერთადერთი სამოქალაქო წელიწადი იყო მთელ საქართველოში (X ს-ში კი საეკლესიოც გამხდარა). X ს. შუა წლებამდე ფეხი მოიკიდა მარტის წელიწადმა, იმავე ხანაში თანდათანობით გავრცელდა იანვრის წელიწადი, რ-იც საბოლოოდ XIV ს. მიწურულში გაბატონდა. უძველეს ქართ. ისტ. მწერლობაში საახალწლო ციკლისა და რიტუალის აღწერილობა შემონახული არ არის. სამაგიეროდ „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ (XIV ს.) და ვახუშტისთან დაცულია საგულისხმო ცნობები ახალი წლის დღესასწაულის შესახებ. წყაროებიდან ჩანს, რომ საქართვ. სამეფო კარზე ისტორიულად შემუშავდა საახალწლო ეტიკეტი, რ-ის ცენტრ. მომენტი იყო მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლეობა და მილოცვები საახალწლო ძღვნით.

ვახუშტის მიხედვით, ჯერ კიდევ ცისკრის ლოცვის წინ «“...უკულევდა მეფეს ჭყონდიდელი ჯუარსა და ხატსა“, საახალწლო ძღვენს მიართმევდა და ტკბილეულით „დააბერებდა“». საახალწლო წირვის შემდეგ იწყებოდა დიდი დარბაზობა და მილოცვები.

ჟამთაღრიცხივსა და საახალწლო რიტუალის ხანგრძლივი ტრანსფორმაცია საქართველოში თავისებურადაა ასახული ახალი წლის ციკლთან დაკავშირებულ ქართ. რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. ამის შესაბამისად, ქართ. ხალხურ კალენდარში ახალი წლის ციკლში შემავალი რამდენიმე სახელწოდებისა და თარიღის მქონე საახალწლო დღეობაა ცნობილი: ბარბარობა (ძვ. სტ. 4 – 6 დეკ.), ახალი წელიწადი (გურულ-მეგრული კალანდა) და, თავდაპირველად ალბათ სვანური სამეურნეო მნიშვნელობის მქონე, ბიხობი (ლირსკნალი, ძვ. სტ. 14 აგვ.), შობა, ახალი წლის წინა დღე, ახალი წლის მეორე დღე [ხევს. კუმატობა, მარხე, სვან. კუიმტარი, მეგრ. კუჩხა (სამეკვლეო დღე), სვანური ლიფანალი და სხვ.].

ქართ. ხალხ. საახალწლო რიტუალის ძირითადი მომენტები იყო მეკვლეობა და მილოცვა, რ-თა მთავარი დანიშნულება მთელი წლის განმავლობაში ოჯახის ჯანმრთელობის, დოვლათიანობისა და ბედნიერების დაბედება იყო.

ბედნიერი წელიწადის დასაბედებლად საქართვ. მთელ რიგ რაიონებში სრულდებოდა სხვა საახალწლო რიტუალიც: თოფის სროლა, წმინდა ხით კერაზე ცეცხლის შეკეთება, მეკვლის მიერ წყაროს ან მდინარის წყლის მოტანა, ზოგან ხორბლის სიმბოლური თესვა და სხვ. საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი კომპონენტი საქართვ. მთელ რიგ რაიონებში (რაჭა, სვანეთი, ჯავახეთი და სხვ.) იყო შინაური საქონლის მილოცვა; აქ პირველ რიგში აისახა საქონლის გამრავლება-დაცვასთან დაკავშირებული წარმოდგენები. სვანეთში სახლის მეკვლეობის ყველა მომენტში მონაწილეობდა ოჯახის საუკეთესო ხარი. ჯავახეთშიც ახალწლის რიტუალის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო სახლში ხარის შეყვანა, რ-ის რქებზე სანთლები ენთო. ა-ს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მიწათმოქმედი ხალხების რელიგიაში.

ლიტ.: ბარდაველიძე ვ., სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, [ნაწ.] 1 – ახალწლის ციკლი, თბ., 1939; მისივე, ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; ლეკიაშვილი ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972; მაკალათია ს., ახალწელიწადი საქართველოში, ტფ., 1927; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1 – 3, თბ., 1979 – 82 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1 – 3); ტ. 4, თბ., 1967.

ა. სოხაძე