ახალციხის ქვაბული, მესხეთის ქვაბული, სამცხის ქვაბული, ტექტონიკურ-ეროზიული მთათაშორისი ქვაბული სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. მტკვრის ზემო აუზში. ჩრდ-იდან შემოფარგლულია მესხეთის ქედის, სამხრ-იდან – ერუშეთის ქედის, დას-იდან – არსიანის ქედის კალთებით; აღმ-ით ესაზღვრება თრიალეთის ქედის დას. დაბოლოება.
ა. ქ-ის ფსკერის აბსოლ. სიმაღლეა 900 – 1000 მ. ქვაბულის ფერდობები აგებულია შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით, ხოლო შუა ნაწილი ზედა ეოცენის თაბაშირიანი ქვიშიან-თიხოვანი წყებით, ოლიგოცენური თიხებითა და ქვიშიან-თიხოვანი დანალექებით, აგრეთვე მიოცენ-პლიოცენის ტუფოგენური (გოდერძის) წყებით. მეოთხეული დანალექები მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობათა ძირზეა.
ქვაბულის ცენტრში ტერასული ვაკეა. კიდეებზე (ზ. დ. 1200 – 1300 მ-მდე) განვითარებულია ბორცვიან-სერებიანი ეროზიული ლანდშაფტი, უმთავრესად რელიეფის ნაზი ფორმებით; ვულკანოგენურ წყებებზე რელიეფი კლდოვანია. 1200 – 1300 მ ზემოთ მესხეთის, ერუშეთისა და არსიანის ქედების კალთების საკმაოდ დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფია.
ა. ქ-ში ძირითადად მთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი, შედარებით მშრალი ზამთარი, ზაფხული – ხანგრძლივი და თბილი. იანვ. საშ. ტემპ-რა –2,2°C (ასპინძა), –5,4°C (აბასთუმანი) ფარგლებში მერყეობს, აგვ. 17,3°C-იდან (აბასთუმანი) 20,5°C-მდე (ახალციხე). საშ. წლ. ტემპ-რა 6,5 – 9,5°C, აბსოლ. მინ. –32°C, აბსოლ. მაქს. 39°C. ნალექები 400 – 520 მმ წელიწადში. ქვაბულის ფერდობებზე ზემოთ ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული.
ა. ქ-ის ჰიდროგრ. ქსელს შეადგენს მდ. მტკვარი და მისი შენაკადები – ქვაბლიანი (ფოცხოვისწყლით), ურაველი, წინუბნისწყალი და სხვ. ტბებიდან აღსანიშნავია წუნდა და სათახვე. მინერ. წყაროებია აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ურაველში და სხვ.
ა. ქ-ში 1300 – 1400 მ სიმაღლემდე ტყის რუხ-ყავისფერ და ყავისფერ ნიადაგზე ტყის-სტეპის ლანდშაფტია. ქვაბულის ფარგლებს გარეთ 2000 – 2200 მ-მდე, ტყის ყომრალ ნიადაგზე განვითარებულია მთის ტყის, უფრო ზემოთ – მთა-მდელოს ლანდშაფტი.
დ. უკლება