ახატანი

ახატანი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ახატნისხევის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 820 მ, დუშეთიდან 24 კმ. 130 მცხ. 2014).

სოფლის მახლობლად, ახატანისხევის მარცხ. მხარეს, საქარქედზე მდებარეობს განვითარებული შუა საუკ. შარაოს წმ. გიორგის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-შიც შედის ეკლესია და კოშკი. ერთნავიან დარბაზულ ეკლესიას სამხრ-ით აქვს მინაშენი, მოგვიანებით მასზე სამრეკლო დაუშენებიათ. აღმ. ფასადის სარკმლის თავზე ჩასმულია შირიმის ქვა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესიის ახლოს 3 მ-ზე დგას გეგმით სწორკუთხა უკარო კოშკი, მის II სართულზე ვიწრო სარკმელია დატანებული.

კომპლექსის ჩრდ-ით 1 კმ-ზე ძვ. ნასოფლარი კოტაძეურია, სადაც შემორჩენილია რელიეფური ორნამენტით შემკული XIX ს. საფლავის ქვები. ნასოფლარის სამხრ. ნაწილში, ტყეში, რიყის ქვითა და დუღაბით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ნაშთია. აფსიდი ღრმაა და ოდნავ ბრტყელი, მიეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს.

ა-ის ცენტრ. ნაწილში 1970 არქეოლ. გათხრებით გამოვლინდა ორმოსამარხები, რ-ებშიც აღმოჩენილი ნივთების მიხედვით სამაროვანი III – IV სს-ით თარიღდება.

ლიტ.: Рамишвили Р. М., Ахатанский могильник, კრ.: Археологические открытия 1970 года, М., 1971.

რ. რამიშვილი

ბ. ჯორბენაძე

ი. წიკლაური