ახვახური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ანდიური ქვეჯგუფის ენა.
გავრცელებულია ახვახისა და სოვეტსკოეს (ყოფ. ყაჰიბის) რ-ნების რამდენიმე აულში (კუდიაბ-როსო, ლოლოღონითლი, ტად-მაღითლი, იზანი, რატლუბი, თლანუბი, წეგობი და სხვ.). ა. ე. უმწერლობო ენაა. სამწერლობო ენად (ადგილ. საქმისწარმოება, დაწყ. სკოლა, გაზეთი) გამოყენებულია ახლომონათესავე ხუნძური ენა.
ა. ე-თვის დამახასიათებელი ხმოვანთა შედარებით სიმრავლე (5 მარტივი, აგრეთვე გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები). თანხმოვნებში აღსანიშნავია ძლიერისა და სუსტის დაპირისპირება, აქვს ლატერალური, ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები. თანხმოვანთა სისტემაში შემონახულია ზოგი მეტად მნიშვნელოვანი არქაიზმი (ლატერალურ და ფარინგალურ თანხმოვანთა სუსტი კორელატები). სიტყვა, როგორც წესი, ხმოვანზე ბოლოვდება. სიტყვის თავში თანხმოვანთა კომპლექსები არ გვხვდება. მახვილი სუსტი, დინამიკურია. მხ. რიცხვში გარჩეულია 3 გრამატ. კლასი, მრავლობითში – 2. აქვს 4 ძირითადი (სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი) ბრუნვა და ადგილობით ბრუნვათა შვიდი სერია (თითოეულ სერიაში 3 – 4 ბრუნვაა). ზმნა იცვლება გრამატ. კლასისა და დრო-კილოთა მიხედვით. სხვა ანდიურ ენათაგან განსხვავებით, ზმნას აქვს პირის კატეგორია (გარჩეულია ორი ფორმა: პირველი პირისა და საზიარო მეორე-მესამისა). დადებითი უღვლილების გარდა, არის უარყოფითი უღვლილებაც. გავრცელებულია ზმნურ ფორმათა აღწერითი წარმოება. გარდამავალი ზმნა წინადადების ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად ფართოდაა გამოყენებული მიმღეობები და აბსოლუტივები. ლექსიკა გამოირჩევა არქაიზმებით. ნასესხები სიტყვების რაოდენობა მნიშვნელოვანია. არის ორი განსხვავებული დიალექტი: ჩრდილოური (ახვახის რ-ნში) და სამხრეთული (სოვეტსკოეს რ-ნში).
ლიტ.: Дирр А., Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1909, в. 40; Магомедбекова З. М., Ахвахский язык, Тб., 1967.
ზ. მაჰომედბეკოვა