ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტის (კახეთის რეგიონი) ცენტრი. ქალაქი (1966-იდან) აღმ. საქართველოში, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეზე. ზ. დ. 560 მ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 27 კმ, თბილისიდან 174 კმ (გომბორის უღელტეხილით –- 110 კმ). 7,1 ათ. მცხ. (2014).
ქალაქი გაშენებულია მდ. ილტოს ქვემო დინებასა და მდ. ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან.
ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 11,6°C, იანვ. 0,5°C, ივლ. 22°C; აბსოლ. მინ. –23°C, აბსოლ. მაქს. 38°C. ნალექები 820 მმ წელიწადში.
ქალაქში არის ხის დასამუშ, ღვინის, საკონსერვო, ყველ-კარაქისა და რძის ქ-ნები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტ.სახლი.
მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის კლინიკები“.
ა-ის მახლობლად, ჩრდ-ით, დგას სამნავიანი ბაზილიკა „ღვთაება“ (VI ს. II ნახ.). წერილობით წყაროებში ეს ადგილი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი. ნაგებია რიყის ქვით. თაღები, შენობის კუთხეები, პილასტრები, კარნიზები, სარკმლის სათაურები შირიმის ქვისაა. დას-ით გარსშემოსავლელია. შუა ნავი სამხრ. ნავისაგან გამოყოფილია კედლით, რ-შიც გასასვლელია დატოვებული. სამხრ. ნავის დას. და აღმ. მონაკვეთში გუმბათოვანი სივრცეებია შექმნილი. ბაზილიკის ირგვლივ შემორჩენილია გალავნის, საცხოვრ. და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები. ა-ის მახლობლად არის გვიანდ. შუა საუკ. სასახლის – ცხრაკარის ნანგრევები. სასახლე ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. გეგმით ერთ ღერძზე განლაგებულ 6 სათავსს სათითაო ბუხარი აქვს დატანებული. ა-ის მიდამოებშია განვითარებული შუა საუკ. ხუროთმოძღვრული ძეგლი ლომისის წმ. გიორგის ეკლესია.
ქალაქის დას-ით, მდ. ორვილის მარცხ. ნაპირზე, ჩოლოყაშვილების ერთ-ერთი რეზიდენციაა. ანსამბლის ძვ. ნაგებობათაგან შემორჩენილია XVIII ს. ეკლესია და ციხის ნანგრევები. ერთნავიანი, ისრული კამარით გადახურული ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები. დას. შესასვლელის თავზე ნიშში ჩასმულია მარმარილოს ქვა, რ-ზედაც მხედრული წარწერაა. წარწერა გვამცნობს, რომ ციხე აუგია მეფის სახლთუხუცესს გრიგოლ ჩოლოყაშვილს 1755 სოფ. უტოში (ამ უბანს დღესაც უტოს უბანი ჰქვია).
ციხე-დარბაზი იმ ხანებში გავრცელებულ სიმაგრეთა ტიპს მიეკუთვნება. დას. მონაკვეთში ორსართულიანი საცხოვრ. სახლი იდგა. შემონახულია ჯანდიერების ციხე (გვიანდ. შუა საუკ.). ა-ის დას-ით, მდ. ორვილის მარჯვ. ნაპირზე, XVIII – XIX სს. წმ. ბარბარეს და წმ. კვირიკეს ერთნავიანი ეკლესიებია, სამხრ.-აღმ. ნაწილში, ე. წ. ხევისუბანში, XIX ს. დასაწყისში აგებული მაღალაანთ ორნავიანი, ეკლესია დგას. ა-იდან 4 კმ-ზე, თიანეთისკენ მიმავალი გზის პირას, ერელაანთ ეკლესიაა. ა-ის ძეგლთაგან რესტავრირებულია „ღვთაებისა“ (1982, არქიტ. ნ. ჭიკაძე) და ლომისის წმ. გიორგის (1967, არქიტ. გ. ჭეიშვილი) ეკლესიები.
1971 დამუშავდა ქალაქის გენ. გეგმა (არქიტ. რ. ხატიაშვილი, ეკონომისტი ჯ. ძაძუა).
ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
გ. ზარდალიშვილი
მ. კარბელაშვილი
პ. ზაქარაია
ბ. ნანობაშვილი
ე. ბაგრატიონი