აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი

აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი, დაარსდა 1915 სოხუმში. პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1917. მის ფონდში იყო სამხარეთმცოდნეო მასალები (610 ექსპონატი), იარსება 1920-მდე. 1922 დაარსდა აფხ. სამეცნ. საზ-ბა, რ-ის გადაწყვეტილებით ხელახლა გაიხსნა მუზეუმი დ. გულიას, ა. ჭოჭუას, ა. ჩუკბარის, ვ. ზუხბას, მ. ივაშჩენკოს, გ. ბარაჩის ინიციატივითა და მოღვაწეობით. 1928 მიენიჭა სახელმწ. მუზეუმის სტატუსი. მუზეუმს ჰქონდა 5 საექსპოზიციო განყ-ბა (18 დარბაზი), ბუნებისმეტყველების ისტ.,არქეოლ., ძვ. ისტ., ეთნოგრ., აფხაზეთის სოც.-ეკონ. ისტ. და სამხატვრო-გასაფორმებელი განყ-ბები.

1990 ფონდში დაცული იყო 164 ათ-ზე მეტი ექსპონატი, მ. შ. არქეოლოგიური (ადრინდ. აშელის ეპოქის ძვლის იარაღი იაშთხვიდან, ბრინჯაოს ხანის ძეგლები ოჩამჩირის ნამოსახლარიდან, ეშერის ოსარიუმიდან და დოლმენებიდან, ლიხნის რიტუალური სატევრები, ტარიანი ცულები და სხვ.; ბაღლანის სამარხეული ოქროს ნივთები, სოხუმის ყურის ფსკერიდან ამოღებული ძვ. წ. V – IV სს. მარმარილოს სტელა, ქალის სკულპტურული ბიუსტი ეშერიდან, გვიანდ. ანტიკური და ადრინდ. ფეოდ. ხანის კერამიკისა და მინის კოლექციები წებელდიდან და სხვ.), ნუმიზმატიკური (კოლხური თეთრი, ბერძნ., რომაული, ბიზანტიური, ქართული მონეტები, ვამეყ დადიანის უნიკალური მონეტა და სხვ.) და ეთნოგრაფიული კოლექციები (რიტუალური ჭურჭელი, ხალიჩები, საყოფაცხოვრებო ნივთები, შუა საუკ. ოქროს ჯვრები და სხვ.).

მუზეუმის ფილიალებია: ახალი ათონის პანტელეიმონის ტაძარი, სამხატვრო გალერეა (სოხუმი).

მუზეუმი ამჟამად მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ მონაცემების განახლება შეუძლებელია.