ალხაზიშვილი არჩილ არჩილის ძე (2. X. 1925, ახალციხე – 17. IV.2014, თბილისი), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1980).
დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. 1955-იდან მუშაობდა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში ინგლისური ენის კათედრაზე, 1971-იდან დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში, სადაც ხელმძღვანელობდა მეორე ენის სწავლების ფსიქოლ. ლაბორატორიას (1975-90).
ა. სისტემატურად იკვლევდა უცხო ენების სწავლების ფსიქოლოგ. საფუძვლებს, მუშაობდა ემოციის (კერძოდ, შფოთვის), მოტივაციისა და განწყობის ფსიქოლ. სფეროში. ძირითადი და საკვანძო მაინც უცხო ენის სწავლების საკითხი იყო. ა-ის მიერ შემუშავებული უცხო ენის სწავლების ფსიქოლ. მოდელი მოიცავს აგრეთვე მნიშვნელოვან თეორ. და პრაქტიკულ მოსაზრებებს ენა-მეტყველების სხვა სახეობებთან (წერა, კითხვა), ბილინგვიზმის პრობლემასთან დაკავშირებით, სწავლაზე შფოთვის ზემოქმედების შესახებ, სწავლის ქცევის მოტივაციური საფუძვლების გარშემო. განწყობის თეორიის ფარგლებში ა-ს გამოთქმული აქვს საყურადღებო მოსაზრებები მოტივაციის, კერძოდ, ფუნქციური მოთხოვნილებისა და ობიექტივაციის ცნებების დაზუსტების მიმართულებით.
თხზ.: Специфика человеческих потребностей и функциональная тенденция организма // Проблемы формирования социогенных потребностей. Тбилиси, 1981; Основы овладения устной иностранной речи. М., 1988; უხცოური ენების სწავლება - თეორია და პრაქტიკა. თბ., 2009; ობიექტივაცია ქცევის დაუბრკოლებელი მიმდინარეობის პირობებში // საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, 2013, 1.
ი. იმედაძე