ადამაშვილი ნინო (1913-99, თბილისი), ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დოცენტი (1947).
დაამთავრა თბილ. პედ. ინ-ტის პედ. ფაკ-ტი (1934). გაიარა ასპირანტურის კურსი დ. უზნაძის ხელმძღვანელობით. მუშაობა დაიწყო თსუ-ში, სადაც მოღვაწეობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აღზარდა ქართვ. ფსიქოლოგთა რამდენიმე თაობა. მუშაობდა აგრეთვე საქართვ. მეცნიერებათა აკად. ფსიქოლ. ინ-ტში (1941–50).
ა-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია განვითარების ფსიქოლ., განწყობის ექსპერ. ფსიქოლ. და „მე-ს“ ცნობიერების ონტოგენეზის პრობლემატიკა. ეს უკანასკნელი თემა განწყობის თეორ. თვალთახედვით იყო გაშუქებული. ა-მა სერიოზული წვლილი შეიტანა განწყობის ექსპერ. საფუძვლების გამყარების მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება ე. წ. ირადიაციის ფენომენის აღმოჩენა. კვლევის მეორე ხაზი განწყობის ფსიქოგენეტიკურ შესწავლას ეხება. მისი ზოოფსიქოლოგიური კვლევებიდან აღსანიშნავია განწყობის მახასიათებლების დადგენა ქათმებსა და მაიმუნებთან. ა-მა გამოიკვლია ასევე მრავალი საკითხი ბავშვის ფსიქოლ. სფეროში (მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესი, თვითცნობიერების ონტოგენეზი, სათამაშოების ფსიქოლოგ. ანალიზი და სხვ.).
თხზ.: განწყობის სიმტკიცე და ირადიაცია. თსუ-ის შრომები, ტ. XVII, 1941; დაბალი მაიმუნების ფიქსირებული განწყობა, კრ.: ფსიქოლოგია. საქრთვ. მეცნ. აკად. ფსიქოლ. ინ-ტის შრომები, ტ. V, 1948; ფსიქოლოგიის პრაქტიკუმი (ბ. ხაჭაპურიძის თანაავტორობით); თბ., 1953; თვითცნობიერების ონტოგენეზი. ბავშვის ფსიქოლოგია, რედ. ვ. ნორაკიძე, ნაწ. 2. თბ., 1968.
ი. იმედაძე