აფხაზი ივანე ნიკოლოზის ძე (1764‒5. X. 1831, ქ. ბრესტ-ლიტოვსკი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1829). 1810–20 კავკ. გრენადერთა პოლკში მსახურობდა. 1820-იდან პოდპოლკოვნიკის წოდებით საქართველოს ეგერთა 44-ე პოლკის მეთაური, 1822-იდან პოლკოვნიკი, 1829 ყარაბაღის, ნუხისა და შირვანის პროვინციების მმართველი. 1830-იდან ქ. ვლადიკავკაზის კომენდანტი. მონაწილეობდა მრავალ ბრძოლასა და სამხ. კამპანიაში. 1800 ომარ-ხანის (ავარიის ხანი) წინააღმდეგ იბრძოდა ნიახურის ბრძოლაში. თავი ისახელა 1804–13 რუსეთ-ირანის ომში. ასლანდუზის ბრძოლაში (1812). რუს. არმიის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1812 კახეთის აჯანყების ჩახშობაში. 1830 ხელმძღვანელობდა სამხ. ექსპედიციებს, რ-ებსაც ევალებოდა ჩრდ. კავკასიისა და საქართვ. მთიელების აჯანყებების ჩახშობა.
XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში თბილისში მოქმედი საიდუმლო პოლიტ. ორგანიზაციის წევრები გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ ა-ზე. იგი საქართვ. ჯარების მხედართმთავრის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
დაჯილდოებულია წმ. ანას I, წმ გიორგის , წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით და ოქროს ხმლით.
თხზ.: Кавказ николаевского времени в письмах его воинских деятелей. Из архива Б. Р. Чилаева. С предисл. И примеч. Б. Л. Модзалевского. (Князь Абхазов и др. 1830), «Русский архив», 1904, № 1.
ლიტ.: ბერძენიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, [წგ. 1–2], თბ., 1983.
ო. ჟორდანია