აფხაზი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1900, თბილისი, – 1988, ვიქტორია, კანადა), საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, იურისტი, იურისპრუდ. დოქტორი (1928). გენ. კ. აფხაზის შვილი, დაამთავრა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1918) და სორბონის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1927). 1917-იდან საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. 1919–1921 – იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ეროვნ. არმიის ოფიცერი. აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელასთან საბჭ. რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებსა (1921 თებ.) და ბათუმის ომში (1921 მარტი).
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის (1921–23) შემდეგ. ა. იყო საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე.
კ. აფხაზის და საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხ. ცენტრის სხვა წევრების დახვრეტის (1923) შემდეგ, ა-მ დედასთან ერთად თავი შეაფარა საფრანგეთს (1923–48). 1928–39 ეწეოდა ნაყოფ. საადვოკატო მოღვაწეობას, არჩეული იყო საფრ. ადვოკატთა გილდიის წევრად. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–44 – საფრ. უცხ. ლეგიონის უფრ. ლეიტენანტი, შემდეგ – კაპიტანი), და აფრიკის სამხ. ოპერაციებში. 1944 დამლევს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა პარიზში.
1948–იდან ა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კანადაში. ვიქტორიაში ეწეოდა ნაყოფ. საადვოკატო და საზ. საქმიანობას. ჰქონდა კერძო იურიდ. ფირმა და მეურნეობა. მეუღლესთან ერთად დააარსა მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ბოტან. ბაღი, – „აფხაზის ბაღი“.
ა. აქტ. იყო ჩაბმული ქართ. პოლიტ. ემიგრაციის საზ.-პოლიტ. საქმიანობაში. თანამშრომლობდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან (პარიზი), საფრანგეთის ქართ. სათვისტომოსთან (რ-საც მუდმივად უწევდა ფინანს. დახმარებას). „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკთან“ (გენ. მდივანი ნ. ნაკაშიძე) და ა. შ.
მხედრული და სამოქ. სამსახურისათვის მიღებული აქვს საფრ. და კანადის არაერთი სახელმწ. ჯილდო. მ. შ. საფრ. „საპატიო ლეგიონის“ ორდენი.
ლიტ.: ჟურნ. „გუშაგი“, №15, პარიზი, 1988; ურუშაძე ლ., აფხაზის ბაღი, გაზ. „სამეფო გვირგვინი“, №3, 2003.
ლ. ურუშაძე