აფხაზურ-ადიღური ენები

აფხაზურ-ადიღური ენები, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ჩრდილოდასავლური ჯგუფი. მოიცავს აფხაზურ, აბაზურ, ადიღეურ, ყაბარდოულსა და უბიხურ ენებს. ამ ენათა ერთ ჯგუფად გაერთიანება ეფუძნება მათთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს; 1. ფონეტიკაში ‒ ხმოვანთა სისტემა მარტივია (2–3 ფონემა), თანხმოვანთა ‒ რთული (80-მდე ფონემა), 2. გრამატიკაში ‒ სახელის სისტემა მარტივია, ზმნისა ‒ შეუდარებლად რთული. ზმნაში პრევერბები და სიტყვაწარმოების პრეფიქსები დიდი რაოდენობითაა. სახელისა და ზმნის ფუძეები უპირატესად ერთმარცვლიანია. მარტივი წინადადება ქმნის ინდეფინიტურ, ნომინატიურსა და დატიურ კონსტრუქციებს. წინადადებაში სიტყვათა რიგს გრამატ. მნიშვნელობა ენიჭება. ა.-ა. ე-ის ლექსიკის ერთიანობა დაცულია უპირატესად ნაცვალსახელებში, რიცხვით სახელებსა და ზმნებში. ყველა ეს ენა აგლუტინაციურია პოლისინთეტიზმის ტენდენციითურთ. ამ საერთო ნიშნების გარდა დასტურდება ზოგიერთი მოვლენა, რ-ის მიხედვითაც ცალ-ცალკე ჯგუფდება აფხაზურ-აბაზური ენები (ნივთისა და ადამიანის გრამატ. კლასების არსებობა, ბრუნვათა სისტემის უქონლობა) და ადიღური ენები (ადიღეური და ყაბარდოული: შედარებით განვითარებული ბრუნება, გრამატ. კლასების გაქრობა). უბიხურ ენას შუალედი ადგილი უჭირავს ამ ორ ქვეჯგუფს შორის.

ლიტ.: Рогава Г. В., Абхазско-адыгские языки, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Dumézil G., Études comparatives sur les langues caucasiennes du Nord-Ouest, P., 1932.

გ. როგავა