ახმეტელი ილია ვასილის ძე

ახმეტელი ილია ვასილის ძე [12 (24). XI. 1881, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 26. VIII. 1939, თბილისი], ქირურგი. პროფესორი (1936).

1910 დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. იურიევში ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი. 1918-მდე მუშაობდა რუსეთში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1918) მუშაობდა სამხ. ჰოსპიტალში, ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრაზე გ. მუხაძესთან. 1935 აირჩიეს პედიატრიული ფაკ-ტის ზოგადი ქირურგ. კათედრის გამგედ. ა-ის გამოქვეყნებული შრომები ეხება ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ინფექციის, სისხლძარღვთა დაზიანებისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებათა ქირურგ. მკურნალობის საკითხებს.

თხზ.: სისხლის ძარღვების დაზიანება და ტრავმული ანევრიზმები, «საქ. ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის მოამბე», 1924, № 6; ინფექციით გართულებული ჭრილობების თანამედროვე მკურნალობა, «საბჭოთა მედიცინა», 1933, № 4.

ლიტ.: კომახიძე მ., ახმეტელი თ., ილია ახმეტელი, თბ., 1978.