ახმეტელი მანანა შალვას ასული

ახმეტელი მანანა შალვას ასული (დ. 7. IV. 1937, თბილისი), მუსიკათმცოდნე ისტორიკოსი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1977), საქ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2009), ა. ახმეტელის შვილიშვილი.

1962 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. თეორ.-საკომპოზიციო ფაკ-ტის საისტორიო განყ-ბა (ხელმძღვ. პროფ. პ. ხუჭუა). ამავე წლიდან ეწევა პედ. საქმიანობას (1962 – 70 – თბილ. I სამუსიკო სასწავლებელში, 1988–2001 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში). ერთდროულად 1965–2002 ჟურნ. „ხელოვნების“ მუსიკისა და ქორეოგრაფიის განყ-ბის გამგეა. 1979-იდან საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი, 1985 – 90 მდივანი, 1991-იდან – საქართვ. მუს. საზ-ბის თავ-რის მოადგილე. 2000-იდან თავმჯდომარე.

ა. აქტიურად მოღვაწეობს ჟურნალისტიკის, მუს. კრიტიკისა და პროპაგანდის სფეროში. არის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვ. ს. ცინცაძის სახ. კამერული ანსამბლების კონკურსისა (2000–2003) და თბილ. კამერული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალისა (2006), გამომცემელი და პროდიუსერი უნიკალური ჩანაწერების კომპაქტ–დისკებისა : („თ. ამირეჯიბი“, „მარინე იაშვილი“, „დავით გამრეკელი“, „მერი ნაკაშიძე“, „მედეა ამირანაშვილი“, „იოსებ კეჭაყმაძე“, „XX ს. ქართველი ტენორები“, ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“, ზ. ფალიაშვილის „დაისი“.)

დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ (1997).

მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება (2018).

გ. ტორაძე