ახმეტელის თეატრი, დრამატული თეატრი თბილისში, დაფუძნდა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ უბან გლდანში 1979 საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწის ლ. პაქსაშვილის (თეატრის პირველი დირექტორი და მთ. რეჟისორი; 1979–86) თაოსნობით.
1981 წლის 11 ნოემბერს თეატრი ოფიციალურად გაიხსნა ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედიით’’, თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი თარიღი, რ-საც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ა. თ-ის ისტორიაში. 1980 წ. 18 მაისს დასმა ლ. პაქსაშვილის ხელმძღვანელობითა და რეჟისორობით გარეჯობის დღესასწაულზე ღია ცის ქვეშ წარმოადგინა ლიტ. კომპოზიცია – ი. ჩხეიძის „თედორე“. აღნიშნული სპექტაკლის გარდა, დასს წარმატება მოუტანა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილმა სპექტაკლმა „მთანი მაღალნი“ (რეჟ. ლ. პაქსაშვილი, 1981). 1987-იდან დრამ. თეატრს ქართვ. რეფორმატორი რეჟისორის – ა. ახმეტელის სახელი ეწოდა. მისი სრული სახელწოდებაა „თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი“.
დაარსების დღიდან თეატრის რეპერტუარში შედის ქართული და უცხოური დრამატურგიის როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ნიმუშები. აღსანიშნავია სპექტაკლები: ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი’“, გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“, ო. მამფორიას „იეთიმ გურჯი“, ო. იოსელიანის „გამოქვაბული“, ი. ორკენის „ტოოტების ოჯახი“, ლ. თაბუკაშვილის „ტაძარი“, მ. სალუქვაძის „კარს იქით“ და „სიმარტოვე“, პ. კაკაბაძის „დემეტრე მეორე“, ჯ. მაროტას და ბ. რანდონეს „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, თ. ბაძაღუას „ფარდის დაშვებამდე“ და სხვ.
სხვადასხვა წლებში თეატრს ხელმძღვანელობდნენ: ი. კაკულია, ა. ქანთარია, გ. ქავთარაძე, ც. ნაკაშიძე, ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი ( ერთხანს თეატრს ერთდროულად ეს სამი რეჟისორი ხელმძღვანელობდა). ა. თ-ის სცენაზე წარმოდგენებს დგამდნენ რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, თ. აბაშიძე, თ. მესხი, ქ. ხარშილაძე, ლ. ყუფარაძე, ლ. მირცხულავა, ზ. სიხარულიძე, გ. შალუტაშვილი, ზ. კვერენჩხილაძე.
ახალი სიცოცხლე დაიწყო თეატრმა რეჟისორ დ. ანდღულაძის მოღვაწეობის პერიოდში (1997 – 2006). მისი რეჟისურით განხორციელდა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მანამდე უცნობი ჰ. პინტერის პიესა „ღალატი“. სპექტაკლს დიდი წარმატება და გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, ხოლო ფ. დიურენმატის „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი“ წარდგენილი იყო რუსთაველის სახ. პრემიაზე. დ. ანდღულაძის შემდეგ თეატრს ხელმძღვანელობდა მ. შალიკაშვილი. 2014-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი ი. გოგია, რ-ის ძალისხმევითაც თეატრში დაინერგა ახალი სარეპერტუარო პოლიტიკა, შეიქმნა ერთობლივი ნამუშევრები, გაკეთდა ექსპერ. თეატრ. პროექტები და შემოქმედებითი ლაბორატორია. დღეს ა. თ-ის რეპერტუარში გვხვდება როგორც ეროვნული, ქართ. დრამატურგია, ასევე თანამედროვე ევროპელი ავტორების პიესები, ლიტ. სპექტაკლი, კომედია, ტრაგიკომედია. მნიშვნელოვანი დადგმებია: „ბრეხტი სახურავზე“, უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ბედისწერის თეატრი“ (გ. ჩოხელის ნაწარმოებების ინსცენირება პირველად ქართ. სცენაზე), „2+2=2“ (ვერბატიმის ჟანრში), „სტუმარ-მასპინძელი“ (ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით), „Theatrum Refleqtorium“ [საერთაშ. შემოქმედებითი ლაბორ. პროდუქტი ომისა და ძალადობის თემატიკაზე]; შეიქმნა ექვსი ქვეყნიდან (უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, საქართველო, ესტონეთი) მოწვეული რეჟისორების მიერ „პატარა ქალაქის ზღაპრები“ (გ. პეტრიაშვილის ზღაპრების ინსცენირება პირველად ქართულ სცენაზე, მთავარ როლს თავად ავტორი ასრულებდა) და სხვ.
ი. გოგიას ინიციატივითა და ა. თ-ის უშუალო თაოსნობით კახეთში, სოფ. მაჩხაანში, სადაც ს. ახმეტელი თავის პირველ სპექტაკლებს დგამდა, დაარსდა ს. ახმეტელის სახ. მაჩხაანის საერთაშ. ფესტივალი (2017). ა. თ. სპექტაკლებს მართავს ღია ცის ქვეშ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას ეზოში; ანაგაში, ს. ახმეტელის მუზეუმის ეზოში; შატილში, კოშკების ბანზე; ასევე მართავს შიდა გასტროლებსა და საქველმოქმედო წარმოდგენებს.
დასის შემადგენლობა (2021): ნ. ყურაშვილი, გ. ჯაფარიძე, მ. ტალიაშვილი, მ. მაზავრიშვილი, თ. ბეჟუაშვილი, ნ. ბადალაშვილი, ვ. შიხაშვილი, მ. ხარჩილავა, ვ. ციცილოშვილი, ლ. ქუთათელაძე, გ. კანდელაკი, ბ. ქაფიანიძე, თ. პატაშური, ს. სებისკვერაძე, გ. გასვიანი, თ. ედიშერაშვილი, ა. გველესიანი, ნ. ციმაკურიძე, მ. ვაწაძე, გ. ცხადაძე, ვ. კალანდარიშვილი, ი. ვასაძე, გ. მახათაძე, ო. ჩიქობავა.
დაარსების დღიდან თეატრის მთ. მხატვარია ა. ჭელიძე, თეატრთან თანამშრომლობდა კომპოზიტორი ვ. აზარაშვილი.
ა. თ. მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშ. ფესტივალებსა და კონკურსებში, მ. შ.: შექსპირის ფესტივალში (სომხეთი, 1984; უ. შექსპირის „რომაელები“); ი. ფრანკოვსკის ხელოვნების საერთაშ. თეატრ. ფესტივალში (უკრაინა, 2018; „იავნანა ომს“); ბაია მარეს საერთაშ. ფესტივალში „ატელიერ“ (რუმინეთი, 2019; „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა’’); ანკარის საერთაშ. ფესტივალი „Ethos Ankara International Theatre Festiva“ (თურქეთი, 2019; „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა’’); საერთაშ. ფესტივალი (ესტონეთი, ტარტუ, 2019; „ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი“) აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრი 2015 პირველად მონაწილეობდა ბრაზილიის დედაქალაქში გამართულ საერთაშ. თეატრ. ფესტივალში, ა.თ-ის სპექტაკლით „2+2=2“ და სხვ.