აღაპი

აღაპი (ბერძნ. agapē – ძმური ტრაპეზი), მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა, განკუთვნილი ეკლესია-მონასტრის კრებულისათვის. საწყისს იღებს ადრინდ. ქრისტიანობიდან, როცა ეკლესიის წევრები საღამოობით სერობაზე იკრიბებოდნენ (სიმბოლურად ეს იყო „საიდუმლო სერობის“ მოგონება). ამ დროს ატარებდნენ ზიარებას, არჩევდნენ საზ. და საეკლ. საქმეებს. თავდაპირველად ა. ეკლესიის წევრთა თანასწორუფლებიანობასა და ძმობა-სიყვარულს გამოხატავდა. შემდეგ კი თანდათან დაკარგა დემოკრ. ხასიათი და მდიდართა ღრეობად იქცა. IV ს-ში ადგილ. საეკლ. კრებებმა ჩამოაშორეს ა-ს ზიარება, ხოლო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლ. კრებებმა აკრძალეს ა-ის გამართვა ტაძარში და ამით საეკლ. შინაარსი დაუკარგეს მას. დას. ქვეყნების საეკლ. პრაქტიკაში ა. სრულიად მოისპო, აღმ. მართლმადიდებელ ქრისტიანებში კი დიდხანს შემორჩა, როგორც წმინდანთა და გარდაცვლილ ნათესავთა მოსახსენებელი სერობა.

ა. საქართველოში ძველთაგანვე ეკლესიაში და მონასტერში ეწყობოდა და თან ახლდა წირვა, ზოგჯერ კი პანაშვიდიც. სააღაპო ტრაპეზზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობრად, ხოლო წირვისას მოეხსენებინათ მისი სახელი. ზოგჯერ ეწყობოდა ე. წ. „კარგაღებული“ ა. ამ დროს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ „გლახაკებს“. ა. ეკლესია-მონასტრების შემოსავლის წყარო იყო, რამდენადაც მისი ხარჯების დასაფარავად ხდებოდა ყმების, მამულების, ფულისა და სხვ. შეწირვა.

ა-ის ნიადაგზე ფეოდ. საქართველოში წარმოიშვა პირობითი მიწათმფლობელობის განსაკუთრებული ფორმა, ე. წ. „შეწირული“, შეიქმნა ყმა-გლეხთა ცალკე ჯგუფი – „მეაღაპენი“, რ-ებიც ვალდებული იყვნენ ეკლესია-მონასტრებში ა-ის საჭიროებისათვის თავიანთი ჭირნახული მიეტანათ. დიდ ეკლესია-მონასტრებში შემუშავებული იყო ა-ის ადგილ. წესები. ადგენდნენ აგრეთვე დავთრებს, სადაც ა-ები კალენდრის რიგით შეჰქონდათ. საქართვ. მთიანეთში არსებობდა ა-ის მოწყობის ხალხ. წესი. ა-ის ჩასაწერად ჩვეულებრივად იყენებდნენ სვინაქსარს, სადაც აღნიშნავდნენ შემომწირველთა სახელებს, შემოწირულობას და მიცვალებულების მოხსენიების დღესა და წესს. ასეთ მინაწერებს შეიცავს იერუსალიმისა და გოლგოთის ქართ. სვინაქსარები. რადგან ა-ები სვინაქსარზე წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა, ხელნაწერი ძველდებოდა, იხეოდა. მათი განახლებისა და თავმოყრის მიზნით ა-ების ტექსტებს ცალკე იწერდნენ. ამგვარი სააღაპე წიგნის ნიმუშია 1901 გამოცემული „ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპები“ (შედგენილი მიქელ დაღალისონელის მიერ).

ბ. ლომინაძე