აგლაძე (აღლაძე) ილია სიმონის ძე

აგლაძე (აღლაძე) ილია სიმონის ძე (1872, თბილისი, – 15. VII. 1948, იქვე), პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

1894–1902 მუშაობდა ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“, 1908–10 „დროების“ და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორი იყო. აქტიურად იღვწოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ქართ. დრამ. საზ-ბის გამგეობაში. 1894-იდან აქვეყნებდა თარგმანებს, ფელეტონებსა და პუბლიც. წერილებს. მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მთავრობა დევნიდა. 1910 დააპატიმრეს, 1917-მდე გადასახლებული იყო. 1920–23 აირჩიეს საქართვ. მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა „კომუნისტის“, „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ რედაქციებში.

თარგმნა ა. პუშკინის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, მ. გორკის და სხვ. თხზულებები.

ს. ხუციშვილი