აღმოსავლური რენესანსი, თეორია აღმოსავლეთის ქვეყნებში რენესანსი|რენესანსის ჩასახვისა და განვითარების შესახებ. რენესანსი, როგორც იდეური და კულტ. განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის გამომხატველი ცნება, შეიქმნა დასავლეთის მეცნიერებაში დასავლეთის ისტ. განვითარების გათვალისწინების საფუძველზე. სიტყვასიტყვით რენესანსი ნიშნავს კერძოდ ანტიკურობის, ამქვეყნიური სინამდვილისადმი ანტიკური გაგების აღდგენას („აღორძინებას“).
რენესანსი შუა საუკუნეებში ჩაისახა, მის წიაღში ღვივდებოდა, ამიტომ მასში საკმაოდ ძლიერია შუა საუკ. აზროვნების გავლენის კვალი და გაუმართლებელია რენესანსისა და შუა საუკუნეების მკვეთრი დაპირისპირება, რაც ფრანგი განმანათლებლებისაგან მომდინარეობს. სწორია მოსაზრება, რომ რენესანსი არ იყო ანტიკურობის უბრალო გამეორება, მისი იდეური შინაარსი გამდიდრებული იყო შუა საუკ. აზროვნებით.
რენესანსის ეპოქის იდეურ შინაარსს ჰუმანიზმი წარმოადგენს და, მრავალი მეცნიერის სამართლიანი შეხედულებით, ეს ორი ცნება – რენესანსი და ჰუმანიზმი – განუყრელია.
შუა საუკ. მსოფლმხედველობის ძირითადი თავისებურებების მიხედვით და, კერძოდ, სქოლასტიკისათვის ამქვეყნიური სინამდვილე „მდაბალი“ სამყარო და მოძულების საგანი იყო და ამიტომ ადამიანის ყურადღების გარეშე რჩებოდა; ადამიანის გონება თავის „განხორციელებას სხვა, არამიწიერ სამყაროში ხედავდა“. ჰუმანიზმისათვის, პირიქით, ინტერესის საგნად მიწიერი სამყარო იქცა, მან ხელახლა მოიპოვა თავისი ღირებულება და მნიშვნელობა, ამას მოჰყვა მეცნიერებათა ფართო განვითარება და დიდი მიღწევები, რ-ებიც კაცობრიობამ რენესანსის ეპოქაში და მის შემდეგ მოიპოვა.
ინტერესი სამყაროსადმი, მისი გაგება როგორც „მაქსიმალურად გასულიერებულისა“, ფერადოვნისა, მხედველობისა და სმენისათვის მიმზიდველისა, ფილოსოფიური თეორიით იყო დასაბუთებული, მაგრამ ეს არ იყო მატერიალიზმი. რენესანსის დროის ფილოს. თეორიის მიხედვით, მიწიერის ღირებულება და მნიშვნელობა ღვთაებრივი საწყისიდან მომდინარეობს. რენესანსის ეპოქის ფილოსოფია ასაბუთებს სამყაროს ერთიანობას და მთლიანობას, ონტოლოგიურ კავშირს ღვთაებრივ საწყისსა და მიწიერ სამყაროს შორის, რ-იც უმაღლესი საწყისის თანაზიარია და მისგან „ღებულობს“ ღირებულებასა და მნიშვნელობას. ამგვარი შეხედულება წარმოადგენდა ადამიანისა და ადამიანურობის ახლებური გაგების საფუძველს.
დასავლეთის მეცნიერებაში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ რენესანსი ტიპური დასავლური მოვლენაა, უფრო მეტიც – სხვაგან არ შეიძლებოდა ეს კულტ. მოვლენა წარმოქმნილიყო. მას აკად. ნუცუბიძე შალვა|შ. ნუცუბიძემ ევროპოცენტრიზმი უწოდა.
რენესანსის საკითხი მეცნიერებაში, როგორც შ. ნუცუბიძე აღნიშნავდა, გადაიქცა დას. ევროპის კულტ. ფესვების საკითხად და დასავლეთის მეცნიერები (მიშლე, ფოიპტი, ბურკჰარდტი და სხვ.), რ-ებმაც ეს საკითხი დააყენეს, უარყოფენ არაევროპული რენესანსის შესაძლებლობასაც კი. ამ შეხედულების მიხედვით ევროპული კულტურისა და კერძოდ, რენესანსის წყაროები თვით ევროპაშია საძიებელი.
ასევე რუსი მეცნიერები ო. ვაინტშტეინი და ბ. ჩაგინი თვლიდნენ, რომ „ჯერ არავის დაუმტკიცებია აღმოსავლეთში ისეთივე კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გარდატეხის ფაქტი, როგორიც იყო რენესანსი დასავლეთში“. ეს შეხედულება დღევანდლამდე ცოცხლობს, თუმცა მრავალი მეცნიერი აღარ ეთანხმება მას. კერძოდ, ქართ. რენესანსზე ალ. ლოსევი წერს: „ქართული აღორძინების მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ქართველი მოაზროვნეები გამოდიოდნენ ნეოპლატონური და არეოპაგიტული რენესანსის წამომწყებებად ევროპაში. რომ მათ უდავოდ ეკუთვნით პრიორიტეტი და ამ მხრივ რამდენიმე საუკუნით გაუსწრეს დასავლეთ ევროპას. კამათი ამის წინააღმდეგ შეუძლებელია“.
ამ მხრივ ადრეც გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული ქართ. მეცნიერებაში. ივ. ჯავახიშვილი 1914 წერდა: «ერთი სიტყვით, ქართველობამ ელინური შემოქმედების ნიმუშები იგემა და დაეწაფა იმ ცხოველმყოფელს ელინიზმს, რომლის ღრმა და საფუძვლიანმა შესწავლამ დასავლეთის ევროპაში ეგრეთწოდებული „რენესანსი“ წარმოშვა. საქართველომ ეს მოძრაობა უკვე XII საუკ. დაიწყო, მაგრამ მისი დასრულება მონღოლთა შემოსევამ შეაფერხა».
1922 ჰაიდელბერგში გერმ. ენაზე გამოვიდა შვეიცარიელი აღმოსავლეთმცოდნის ადამ მეცის (1869–1917) წიგნი „ისლამის რენესანსი“, რ-იც ეხება არაბული ხალიფატის IX–X საუკუნეებს. წიგნი გამოვიდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, მაშინვე ითარგმნა სხვა ენებზე. ბევრმა ეს ნაშრომი გაიგო როგორც გამოკვლევა ისლამურ რენესანსზე.
აკად. ი. კრაჩკოვსკი 1917 წერდა: ა. მეცი ამ წიგნში იძლევა ხალიფატის კულტურის გარკვეული ეპოქის ზოგად სურათს და «სრული უფლებით უწოდებს მას „ისლამის აღორძინების“ საუკუნეს». ამავე დროს ა. მეცი ცდილობდა ეჩვენებინა ის ფარული მექანიზმები, «რომლებმაც წინამორბედ საუკუნეებში მრავალმხრივ შეუწყვეს ხელი „აღორძინების“ კულტურის გარკვეული მხარეების განვითარებას».
ა. რ-ის თეორიის შემუშავება 30-იანი წლების II ნახევრიდან დაიწყო, კერძოდ, შ. ნუცუბიძის მიერ ბიზანტიის რენესანსის აღიარებით. ბიზანტიის რენესანსი, აღნიშნავდა შ. ნუცუბიძე 1937 გამოქვეყნებულ გამოკვლევაში („იოანე პეტრიწი“), წარმოადგენდა ერთ-ერთ დიდ ნაკადს, საიდანაც დას. ევროპამ მიიღო განახლების სტიმული; მან შეამზადა დას. ევროპის რენესანსი. მაგრამ ბიზანტიის რენესანსი შეჩერდა (გარკვეული მიზეზების გამო) და ეს კულტ. მოძრაობა გაგრძელდა საქართველოში, სადაც მას შესაფერისი პირობები დახვდა. ამ პირობათა შორისაა ეკონ.-პოლიტ. და კულტ. აღმავლობა XI–XII სს-ში და, კონკრეტულად. იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველის შემოქმედება.
ჩვენი და განსაკუთრებით დასავლეთის მეცნიერებისათვის ცნობილი იყო ის დიდი როლიც, რ-იც ნეოპლატონისტურმა ფილოსოფიამ შეასრულა დასავლეთის რენესანსის ეპოქაში, ხოლო იოანე პეტრიწის ფილოსოფიის ნეოპლატონისტური ხასიათი იძლეოდა საფუძველს სერიოზული დასკვნებისათვის დასავლეთის რენესანსისა და XI–XII სს. საქართველოს კულტ. აღმავლობის ანალოგიების შესახებ.
მაგრამ ბიზანტიის უძველესი კულტ. მოვლენების შეფასება, როგორც რენესანსის დასაწყისისა, ჯერ კიდევ არ იყო ა. რ-ის თეორია. მისი კონცეფციის დასაბუთება მოითხოვდა დასავლეთის მეცნიერების უარყოფითი დამოკიდებულების კრიტიკას ყოველგვარი „არაევროპული“ რენესანსის შესაძლებლობაზე.
1940 ა. რ-ის კონცეფცია ზოგად ხაზებში და ე. წ. „ევროპოცენტრიზმის“ კრიტიკა შ. ნუცუბიძემ მოხსენების სახით წარადგინა მოსკოვში მსოფლიო ლიტერატურის მ. გორკის სახელობის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს სხდომაზე. 1941 გამოქვეყნდა მისივე „აღმოსავლური რენესანსი და ევროპოცენტრიზმის კრიტიკა“ (რუსულად, „საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე“, 1941, ტ. 2, № 8), ხოლო 1947 (რუსულადვე) – გამოკვლევა „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“. მსოფლიო კულტურის განხილვა ევროპოცენტრისტული თვალსაზრისით, – წერს შ. ნუცუბიძე, – მეთოდოლოგიურად არის მცდარი და შესაბამისი მასალისა და კულტურული ფაქტების შესწავლა იძლევა საფუძველს საწინააღმდეგო დასკვნებისათვის, სახელდობრ, რენესანსის თავისებურებანი, რ-ებიც ევროპაშია დადასტურებული, არ წარმოადგენენ „ცალმხრივ მოვლენას“, დამახასიათებელს მხოლოდ ევროპის კულტურისათვის; რენესანსი აღმოსავლეთში დაიწყო და დასავლეთში შემდეგ განვითარდა.
პოზიტიური დასაბუთება რენესანსისა აღმოსავლეთში და, კერძოდ, საქართველოში, მოცემულია შ. ნუცუბიძის ზემოაღნიშნულ ნაშრომში „რუსთაველი და აღმოსავლეთის რენესანსი“, სადაც უამრავი ფაქტობრივი მასალაა მოტანილი XII ს. კულტ. ცხოვრებიდან და, კერძოდ, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან (იხ. რენესანსი).
ა. რ-ის თეორია განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუს. მეცნიერებაში. ის გაიზიარეს აკადემიკოსებმა ვ. ჟირმუნსკიმ, ნ. კონრადმა და მრავალმა სხვამ. გამოქვეყნდა გამოკვლევები, რ-ებიც ეხება რენესანსს ჩინეთში, შუა აზიაში, სომხეთში, რუსეთში და სხვ. მაგ., აკად. ნ. კონრადი წერს: „რენესანსი არის არა მხოლოდ ევროპისათვის დამახასიათებელი კულტურული აღმავლობის ფაქტი, არამედ გამოვლენა ისტორიული პროცესის ზოგადი კანონზომიერებისა, რ-იც აუცილებლად დგება დიდი ცივილიზაციის ხალხების განვითარების გარკვეულ პერიოდში. რენესანსის მოვლენას ადგილი აქვს ჩვენს დროსაც“ (ბოლოსიტყვაობა ვ. კ. ჩალოიანის წიგნისა „სომხური რენესანსი“, 1963, გვ. 161. რუს. ენაზე). დადებითად აფასებს ქართულ რენესანსს ა. ლოსევიც.
მაგრამ ყველაზე ადრე და ყოველმხრივ ა. რ-ის თეორიის მნიშვნელობას ცნობილმა მწერალმა ა. ტოლსტოიმ მიაქცია ყურადღება და სათანადო შეფასება მისცა ამ თეორიის ფუძემდებლის ღვაწლს. იგი მიიჩნევდა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მეცნიერების განთავისუფლება ტრაფარეტისაგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა ურთიერთობის საკითხში, რომ განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს შ. ნუცუბიძის ლიტ., მხატვრული და სამეცნ.-კვლ. მუშაობა, რომ ეს მუშაობა და მისი თამამი დასკვნები „წარმოადგენენ პირველ და გაბედულ ნაბიჯს ამ მიმართულებით და იძლევიან სწორ ორიენტაციას რენესანსის აკვნის საკითხში“.
ა. რ-ის თეორიასთან დაკავშირებულია აგრეთვე შ. ნუცუბიძის გამოკვლევები ფსევდო-დიონისე არეოპაგელის მოძღვრების შესახებ (იხ. აგრეთვე არეოპაგიტიკა). ამ გამოკვლევების მიზანს არ შეადგენდა მხოლოდ მოძღვრების ნამდვილი ავტორის საკითხში გარკვეულობის შეტანა. არეოპაგიტულმა მოძღვრებამ, როგორც ნეოპლატონიზმის ქრისტიანულმა გადამუშავებამ, დიდი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების აზროვნებაზე, კერძოდ, რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებზე (იხ. პეტრე იბერი).
ლიტ.: ნუცუბიძე შ., იოანე პეტრიწი, შრომები, ტ. 9, თბ., 1985 (შესავალი წერილი); მისივე, პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, შრომები, ტ. 5, თბ., 1975; მისივე, რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი, შრომები, ტ. 4, თბ., 1976; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988; Жирмунский В. И., Алищер Навои и проблема Ренессанса в восточных литературах, «Ученые записки ЛГУ», 1961, № 299, вып. 59; Конрад Н. И., Запад и Восток, 2 изд., М., 1972; მისივე, Сунь-цзы, Трактат о военном искусстве, М.–Л., 1950; Лосев А. Ф., Эстетика Возрождения, М., 1982; Мец А., Мусульманский Ренесанс, 2 изд., М., 1973; Нуцубидзе Ш. И., Тайна Псевдо-Дионисия Ареопагита, Тб., 1942; Толстой А., Близкое и родное, «Огонёк», 1968, № 38, с. 9.
შ. ხიდაშელი