აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე [7 (19). II. 1860, სოფ. შილდა, ახლანდ. ყვარლის მუნიციპ., – 23. IV (6. V). 1904, თბილისი], საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, ხალხ. მუსიკის პოპულარიზატორი. დაამთავრა თელავის სას. სასწავლებელი, შემდეგ – გორის საოსტატო სემინარია (1881).
მასწავლებლობდა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზიასა და ქართვ. კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. გამოსცა სახელმძღვანელო „პირველი ნაბიჯი (რუსული) ენის შესასწავლად დაწყებითი ქართული სკოლებისათვის“ (1883). 1887 გამოსცა რუს.-ქართ. „უბის ლექსიკონი“. 80-იან წლებშივე დაიწყო ფოლკლორისტული მოღვაწეობა. 1885 „დროებაში“ გამოაქვეყნა წერილი „მათდამი, ვინც იკისრებს. პირობანი ჩვენსა და ხალხური ნაწარმოებების შემკრებთა შორის“, 1890 გამოსცა „ქართული ხალხური ზღაპრები“, რ-საც მაღალი შეფასება მისცეს ა. ხახანაშვილმა და პ. მირიანაშვილმა. კრებული საფუძვლად დაედო მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ „ქართულ ხალხურ ზღაპრებს“ (1894). ფოლკლორული მასალა შეიტანა ა-მა აგრეთვე სკოლისგარეშე საკითხავად გამოცემულ წიგნაკებში „ახალი ანბანი“ (1892–93). 1894 მან იმოგზაურა სპარსეთში, შეისწავლა შაჰ-აბასის დროს სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა ცხოვრება; 1896 ჟურნ. „მოამბეში“ (№ 2–8) გამოაქვეყნა ეთნოგრ.-ფოლკლორული წერილი „სპარსეთი და იქაური ქართველები“, რ-შიც გააშუქა ფერეიდნელ ქართველთა ყოფა, ზნე-ჩვეულებანი, ეკონ.-კულტ. ცხოვრების საკითხები.
ა-მა ჩამოაყალიბა ქართვ. მომღერალთა გუნდი („ქართული ხორო“, ი. რატილის ლოტბარობით, 1885–86), რ-მაც დიდი ისტ. როლი ითამაშა საქართვ. კულტ. ცხოვრებაში – მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართ. ეროვნ. სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას.
ლიტ.: იმედაშვილი ი., ლადო აღნიაშვილი, ტფ., 1929; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975.
ფ. ზანდუკელი
გ. ჩხიკვაძე