აღნიაშვილი პეტრე სიმონის ძე [21. I (2. II). 1896, თბილისი, – 31. V. 1937], სამხრ. კავკასიაში ბოლშევიკური მოძრაობისა და რუსეთში 1918–20 სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე.
კომპარტიის წევრი 1916-იდან. 1914 დაამთავრა თბილ. გიმნაზია, სადაც დაუკავშირდა მარქსისტულ წრეებს. 1916-იდან სწავლობდა მოსკ. უნ-ტში. 1917 შექმნა რაზმი, რ-მაც თებ-ში ბრძოლით დაიკავა პრესნიას რ-ნი, 1917 პეტროგრადში მონაწილეობს ოქტ. რევოლუციაში. იმავე წლის დეკ. ჩამოვიდა თბილისში, სადაც შეიყვანეს კავკ. ფრონტის სამხ. რევკომის შემადგენლობაში. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზ. „კავკაზსკი რაბოჩიში“. 1918 მეთაურობდა შეიარაღებულ რაზმს, რ-იც მონაწილეობდა აფხაზეთში საბჭ. ხელისუფლების დამყარებისათვის გარედან ინსპირირებულ ბრძოლაში. იყო სოხუმის ოლქის სამხ. რევკომის წევრი და აჯანყებულთა ფრონტის სარდალი. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს, იჯდა სოხუმისა და მეტეხის ციხეებში. 1918 აგვ. გაასახლეს ჩრდ. კავკასიაში. აქ იგი ჯერ ვლადიკავკაზის ოლქის ქვეითი პოლკის მეთაურად, შემდეგ – თერგის დივიზიის მეთაურად და ვლადიკავკაზის სამხ. ოლქის კომისრად დანიშნეს, ხოლო 1918 დეკ. – თერგის საბჭ. რესპ. ჯარების ცენტრ. ჯგუფის სარდლად. 1919 თბილისში იყო და ეწეოდა არალეგალურ მუშაობას, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 გადავიდა ჩრდ. კავკასიაში, მეთაურობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. 1921 მუშაობდა საქ. სსრ სამხ. და საზღვაო საქმეთა სახ. კომისრის მოადგილედ. შემდეგ დანიშნეს ქართ. დივიზიის უფროსად. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ პოსტებზე საქ. კპ (ბ) ცკ-ში, სწავლობდა მოსკ. წითელი პროფესურის ინ-ტში. 1932 საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავ-რის მოადგილე იყო, 1933 – საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივანი, 1935 –ამიერკავკ. სახკომსაბჭოს თავ-რის მოადგილე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ა. ირემაძე