აღსაბაძე შოთა რევაზის ძე [10 (22). XII. 1896, თბილისი, – 6. VII. 1966, იქვე], რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1965). 1918–19 სწავლობდა თბილისში გ. ჯაბადარის სტუდიაში.
1919–22 მსახიობად მუშაობდა სახ. თეატრში. 1926 დაამთავრა ვ. მჭედლიშვილის ქართ. დრამ. სტუდია (მოსკოვი). რეჟისორად მუშაობდა თბილ. მუშათა (1927–28), რუსთაველის სახ. (1928–38, 1941–43), ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (1938–41, 1943–49) თეატრებში. ა-ის დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. ერისთავის „გაყრა“ თბილ. მუშათა თეატრში (1927), პ. სამსონაძის „სალტე“, ვ. კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“ (1928), ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“ (1935), უ. შექსპირის „ოტელო“ (1937) და სხვ. რუსთაველის სახ. თეატრში: ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“ თბილ. სანკულტურის თეატრში; ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1937), ვ. გოკიელის „პატარა კახი“ (1943), ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“ (1939), ა. კერესელიძის „ბერუჩა“ (1956) და სხვ. თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში. დადგა აგრეთვე რ. გლიერის „შაჰსენემი“ (1935, ბაქოს ახუნდოვის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში), გ. მდივნის „ღირსება“ (1938, პეტერბურგის მ. გორკის სახ. დრამ. თეატრში). ა. იყო ნიჭიერი, ფართო ერუდიციის რეალისტი რეჟისორი. მის სპექტაკლებში მკაფიოდ ჩანდა მისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ხოლო შემოქმედება მთლიანად ჰუმანისტური იდეალების დამამკვიდრებელი იყო. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (პროფესორი 1943-იდან) ჯერ რუსთაველის სახ. თეატრის დრამ. სტუდიაში (1928), შემდეგ საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტსა (1939–43) და თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში (1943–66). ეკუთვნის ლიბრეტოები „ლადო კეცხოველი“ (კომპოზიტორი გ. კილაძე) და „პატარა კახი“ (კომპოზიტორი ვ. გოკიელი).
თხზ.: სამსახიობო ხელოვნების საკითხები, თბ., 1981.
ლიტ.: კიკნაძე ვ., შოთა აღსაბაძე, თბ., 1968.
შ. ცუცქირიძე