აშუღური პოეზია

აშუღური პოეზია, აშუღური სინკრეტული (აერთიანებს ლექსს, მუსიკას, ცეკვას, დეკლამაციას, იმპროვიზაციას) ხელოვნების შემადგენელი ნაწილი. იგი გენეტიკურად დაკავშირებულია თურქულენოვანი სამყაროს სახ. მთქმელ-მუსიკოსთა – ოზანთა (VII–XII სს.) შემოქმედებასთან (იხ. აშუღი).

ა. პ. ჩამოყალიბდა სატრფიალო ლირ. ჟანრში. თვით სიტყვა „აშუღი“ (აზერბ., არაბ. აშიკ-იდან – მიჯნური) გამოხატავს სუფიზმის თეოლოგიურ იდეას. ა. პ. შემდგომში გამდიდრდა ჟანრობრივად და თემატურად რომანტ.-ჰეროიკული სათავგადასავლო დასთანებით და სოც., რელიგ. და სხვა მოტივებით. ა. პ. სპეციფ. ლიტ. მოვლენაა. იგი წარმოადგენს წერილობითი ლიტ-რისა და ფოლკლორის ერთგვარ სინთეზს. მისი ამოსავალია ხალხ. ლიტ-რა. მხატვრული აზროვნება, ვერსიფიკაცია, არაიშვიათად მსოფლ-მხედველობაც კლასიკური ლიტ-რის ტოლფარდია.

განარჩევენ ქალაქურ და სოფლის ა. პ-ს. პირველში შეიმჩნევა ურბანიზაციის და მასთან დაკავშირებული მოვლენების კვალი. მეორე უფრო ტრადიციულია, ახასიათებს ხედვის რეალისტური პრინციპები.

აზერბ. და თურქ. ა. პ. აღორძინდა XVIII ს-ში. ცნობილი არიან ა. პ-ის შესანიშნავი ოსტატები: ყურბანი, ყულ მეჰმედი (XVI ს.), აბას თუფარგანელი, გევჰერი, აშიკ ომერი, ყარაჯა ოღლანი (XVII ს.), დერთლი, სეირანი, აშუღ ალესქერი (XIX ს.). ა. პ-ის ანალოგიურია შუააზიელი აკინების, ჟირაუს, ოლენშების მხატვრული სიტყვა. ა. პ-ს ამ ქვეყნებში დიდი საზ.-კულტ. ფუნქცია ჰქონდა, რ-საც დღემდე ინარჩუნებს.

ქართულენოვანი ა. პ-ის დამკვიდრება საიათნოვასთან არის დაკავშირებული. არაქართულენოვანი აშუღების არსებობა მანამდეც სავარაუდებელია. თბილისში მოსახლ. აღმოსავლური ელემენტის ზრდა ამის საფუძველს ქმნიდა. საიათნოვას შემდეგ ა. პ-ს ფართო ასპარეზი ჰქონდა თბილისში. აქ ცხოვრობდნენ აშუღები, რ-ებიც ტრადიციულად სამ – ქართ., სომხ. და აზერბ. ენაზე თხზავდნენ (მაგ., ქიჩიქნოვა, სეირანი, ბუდაღოღლანი, შამჩი მელქო, თუჯარა და სხვ.). თბილისელ აშუღთა უმეტესობა წარმოშობით არაქართველი იყო. არსებობდა აშუღთა ამქარიც. მისი უკანასკნელი უსტაბაში იყო ჰაზირა.

ქართულენოვანმა ა. პ-მ XIX ს. დასაწყისიდან მკვეთრად დაკარგა თავისი ტრად. სახე. ამას ხელი შეუწყო მისგან თვისებრივად განსხვავებული ლიტ.-მუს. კულტურის წარმომადგენლების – საზანდრების, ხანანდების სხვადასხვა ანსამბლის (დასტის) აქტიურმა მოღვაწეობამ თბილისში. ქართ. საზოგადოებრიობაში ყველა ზემოხსენებული მოვლენა აშუღურ ხელოვნებად იქნა აღქმული, რამაც ბევრი გაუგებრობა წარმოშვა.

აშუღურმა ხელოვნებამ საქართველოში თანდათან დაკარგა საზ. ფუნქცია. ეს ლიტ. ფორმა უკვე აღარ შეესატყვისებოდა ქვეყნის სოც.-პოლიტ. და საზ.-კულტ. ცხოვრებას. იგი ერთგვარად დაუპირისპირდა XIX ს. ქართ. საზ. აზროვნებას და ამით დააჩქარა თავისი არსებობის შეწყვეტა. მის საფუძველზე აღმოცენდა სრულიად დამოუკიდებელი სახის ე. წ. მხატვრული ლიტ-რის მესამე სახეობა – ქალაქური პოეზია, რ-საც საქართვ. პირობებში ძვ. თბილისის პოეზია ეწოდება.

ლიტ.: გრიშაშვილი ი., თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963; შაყულაშვილი გ., საიათნოვას აზერბაიჯანული ლექსები თეიმურაზისეული დავთრის მიხედვით, თბ., 1970; Намазов К., Азербайджанское ашыгское искусство, Баку, 1984; Араслы Н., Ашыг japaдычылыгы, Бакы, 1960; Кöрrülü M. F., Türk Sazşairleri, 1–2, Ankara, 1962.

გ. შაყულაშვილი