აშუღური სიმღერები

აშუღური სიმღერები, აღმოსავლური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკადი. ემყარება ხალხ. მუსიკასა და პოეზიას. მისთვის დამახასიათებელია განვითარებული ვოკალურ-საკრავიერი ჟანრები – დასთანი, ბაიათი, მუხამბაზი და სხვ. გამოირჩევა ფართოდ განვითარებული მელოდიით, უხვი მელიზმატიკით, ემოციურობით.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ა. ს. ფართოდ გავრცელდა XVIII ს. II ნახევრიდან. აქ დროთა განმავლობაში ა. ს-ის თემატიკა იხვეწებოდა, იძენდა ეროვნულ იერს. საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან გამოსული მომღერლები აშუღური მანერით ასრულებდნენ ქართ. ხალხ. ჰანგებს, რ-ებიც სხვა სიმღერებთან ერთად ამდიდრებდნენ ე. წ. ქართ. ქალაქურ მუს. ფოლკლორს. ბევრ ქართ. აშუღურ სიმღერაში შერბილდა შესრულების აღმოსავლური იერი, ზოგი კი ქართ. ხალხ. მუსიკისათვის დამახასიათებელ სამხმიან სიმღერად გადამუშავდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა როგორც ხალხ., ისე პროფ. მუსიკის საგანძურში.

გ. ჩხიკვაძე