აჩელაშვილი კლიმენტი ვასილის ძე

აჩელაშვილი კლიმენტი ვასილის ძე (10.X.1941, სოფ. კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 15. IX. 2019, თბილისი), ეკონომისტი, ეკონომეტრიკოსი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1965). 1968–75 მუშაობდა საბჭ. კავშირის მეცნ. აკად. ციმბირის განყ-ბის ეკონ. ინ-ტის უმცრ. მეცნიერ თანამშრომლად, 1975–91 – თსუ-ის დოცენტად, 1991–2006 – ამავე უნ-ტის კათედრის გამგე, 2006-იდან – ასოცირებულ პროფესორად. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო ეკონ. დარგთაშორისი და რეგიონათშორისი ეკონ.-მათ. მოდელები, საქართვ. ეკონ. განვითარების ემპირიული და რაოდენობრივი ანალიზი, კაპიტალდაბანდებების ეკონომეტრიკული პრობლემები.

ა-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003), საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში (2004, ავტორთა ჯგუფთან ერთად), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2016).

თხზ.: მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები (თაანაავტ), თბ., 2003; Построение и анализ межрегионалных межотраслевых балансов, Новосибирск, 1975 (ავტორთა კოლექტივი); Межрегиональные межотраслевые балансы, Новосибирск, 1983 (ავტორთა კოლექტივი).

მ. თოქმაზიშვილი