აჩიგვარა

აჩიგვარა, სოფელი გალის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ოქუმის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ბულიშხინჯი, გუდავა, ოხურეი, ტოგონი, ფუწყური), ზ. დ. 20 მ, გალიდან 10 კმ.

სოფლის სამხრ.-აღმ-ით აღმოაჩინეს და შეისწავლეს (1934–38, ხელმძღვანელი ს. ზამიატნინი) პალეოლითის ხანის არქეოლ. მასალა. ნივთები ნაკეთებია დანიური იარუსის კაჟისაგან და ძირითადად მიეკუთვნება მუსტიეს ეპოქას. მცირე რაოდენობით არის ზედაპალეოლითური ნივთებიც. ნაპოვნია აგრეთვე გვიანდ. აშელის ხანის ხელცული. მუსტიეს ხანის მასალა გამოირჩევა ღრმა პატინით და უმთავრესად ლევალუას ტიპისაა. აღსანიშნავია სხვადასხვა სახის სახოკები და წვეტანები. მასალა დაცულია რუსეთის მეცნ. აკად. სანქტ-პეტერბურგის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: Замятнин С. Н., Палеолит Абхазии «Труды Ин-та абхазской культуры», 1937. В. 10; მისივე, Очерки по палеолиту, М.–Л., 1961.

დ. თუშაბრამიშვილი