ბებუთაშვილები, ბებუთოვები, თავადები XVIII–XIX სს. საქართველოში. ქართლში XVI ს-ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVII ს-ში მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II-მ აზნაურობა უბოძა, XVIII ს. 80-იან წლებში ერეკლე II-მ – თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილ. მელიქ-მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს.
ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ხოჯა ბეჰბუთა (ბებუთა) ბებუთბეგის ძე, რ-მაც XVII ს. შუა წლებში ავლაბარში ააგო ხოჯევანქის ეკლესია; აშხარბეგ ხოჯა ბებუთას ძე – თბილისის მამასახლისი (1712), მელიქი (1714–21), მელიქ-მამასახლისი (1724–35); აღა აშხარბეგის ძე, მელიქ-მამასახლისი (1735–47). 1747 სამეფო ტახტის პრეტენდენტთან აბდულაბეგთან კავშირის გამო ერეკლე II-მ სახელოები ჩამოართვა და 1000 თუმნით დააჯარიმა. 12 წლის შემდეგ მოახერხა მეფესთან შერიგება, 1760–68 ერთდროულად იყო მელიქ-მამასახლისიც და ნაცვალიც; ავეტიქა აღას ძე - მელიქ-მამასახლისი და ნაცვალი (1769–95); იოვანე და იოსებ აღას ძენი – მიშკარბაშები; დარჩია ავეტიქის ძე (გ. 1832) – მელიქ-მამასახლისი (1795–1801). მონაწილეობდა თბილ. მსხვილ ვაჭართა მიერ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ 1769–97 შეთქმულებაში. ჩამოერთვა ქონება და სახელო, მაგრამ ერეკლე II-მ მალე შეიწყალა. 1801-იდან იყო საქართვ. უზენაესი მთავრობის სახაზინო ექსპედიციის წევრი. ბ-ის გვარიდან იყვნენ გენერლები: დ. ბებუთოვი და ვ. ბებუთოვი.
გ. აკოფაშვილი