ბეგობის არწივი (Aquila heliaca), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ფერად მუქი მურაა, თხემის უკანა ნაწილი, კეფა, „წარბები“ მოჩალისფერო, ფეხები ყვითელი, ნისკარტი შავი აქვს. სხეულის საერთო სიგრძე 72–84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 2 მ-მდე, მასა 3 კგ-მდე. გავრცელებულია სამხრ. ევროპაში წინა აზიამდე, სამხრ. ციმბირში, მონღოლეთში, ჩრდ.-დას. ინდოეთში.
საქართველოში მობინადრეა, გვხვდება ერთეული წყვილების სახით. ბინადრობს ველებსა და ტყე-ველებში, ბუდეს იკეთებს ხეზე, აპრილში დედალი დებს 2–3 კვერცხს, კრუხობა 43 დღ-ღ გრძელდება. იკვებება მღრღნელებით, სხვა წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, მძორით. მეტად მცირერიცხოვანია. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.
რ. ჟორდანია