ბეგქონდარა (Thymus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 5–30 სმ სიმაღლის ნახევრადბუჩქები, იშვიათად ბუჩქებია. მარტივი, მთლიანი ფოთლები აქვთ. ჩხროებად განლაგებული ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ყვავილებად. 400-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერი ჰავის ქვეყნებში და გრენლანდიაში; 1 სახეობა გაველურებულია ჩრდ. ამერიკაში.
საქართველოში ამ გვარის 12 სახეობა იზრდება, მათგან 5 კავკ. ენდემია, 2 კი საქართველოსი (Th. ladjanuricus, Th. tiflisiensis); გვხვდება მშრალ ქვიან ფერდობებზე, კლდეთა ნაპრალებში, უპირატესად სუბალპ. და ალპ. სარტყლებში.
ბ-ს მთიან ადგილებში ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს – იგი ხშირად პირველი სახლდება გადარეცხილ ნიადაგსა და მოშიშვლებულ გრუნტზე.
ეთერზეთოვანი მცენარეებია, იყენებენ პარფიუმერიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. ბევრგან ჩაის სუროგატადაც ხმარობენ. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია, იყენებენ ქვის გორაკებისათვის. შეიცავს C ვიტამინს, თაფლოვანია.
მ. სახოკია