ბედენის გორასამარხები, ტომთა ბელადების სამარხები ბედენის ზეგანზე (თეთრი წყაროს მუნიციპ.). თარიღდება ძვ. წ. 2300–2000 წლებით. არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1966–70 (გ. გობეჯიშვილი, შემდეგ ზ. შატბერაშვილი). ბ. გ-ის მიწაყრილების სიმაღლეა 1–5 მ, დიამეტრი – 25–80 მ. დას-იდან აღმ-კენ დამხრობილ სწორკუთხა დასაკრძალავ ორმოებში ჩადგმული იყო ძელებით გადახურული ხის აკლდამები (სიგრძე – 3–8 მ, სიგანე 2–5 მ, სიმაღლე 2–4,4 მ). იატაკი და ზოგჯერ კედლებიც მოფენილი იყო ჭილობებით, ქეჩით ან ტყავებით. ყოველ სამარხში დაკრძალული იყო თითო ბელადი, რ-თათვისაც ჩაუყოლებიათ თითო ან ორ-ორი მსახური. ბელადები იწვნენ ხის ეტლებზე, მსახურნი – იატაკზე. ყველა მიცვალებული ესვენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით დას-კენ. ძვლები შეღებილი იყო წითელი ოქრით. სამარხთა უმეტესობა მთლიანად ან ნაწილობრივ გაძარცული იყო. ზოგიერთ მათგანში აღმოჩენილი არქეოლ. მასალის ხარისხი და რაოდენობა მიუთითებს, რომ ბელადები დიდი პატივით დაუკრძალავთ. აღმოჩნდა ქვის, ძვლისა და ლითონის იარაღი (ქვის ხელკვერი, სანაყი, სალესები, შურდულის ქვები, მცოცავი რეტუშით დამუშავებული ობსიდიანის და კაჟის ისრისპირები, დარიშხანიანი სპილენძის ყუამილიანი ცული, ეჩოები, სატეხები, სადგისი, ორპირა დანა, ვერცხლის სატევარი), სამკაული (გეომ. სახეებით შემკული ოქროს საკინძები, სპილენძის საკინძები, სარდიონისა და პასტის მძივები) და სხვ.
ხელსაყრელი ლოკალური პირობების გამო ბ. გ-ში კარგად შემოინახა ორგ. ნივთიერება: ჭილობები, ქსოვილისა და ტყავის ნაშთები, წნული კალათები, ხის უამრავი ჭურჭელი და სხვა ნაწარმი (თითისტარი, კვირისტავი, ფარი, ეტლები და სხვ.), მარცვლეული და ტყის ნაყოფი (წაბლი, თხილი, შინდი).
ბ. გ-ის შავპრიალა კერამიკის ზედაპირი გამოირჩევა ვერცხლისებრი ბზინვარებით. ჭურჭლის ფორმები თრიალეთის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის, ხოვლის (კასპის მუნიციპ.), შულავერის (მარნეულის მუნიციპ.), ბერიკლდეების (ქარელის მუნიციპ.), ალაზნის ველის გორასამარხების კერამიკის ანალოგიურია და გარდამავალი საფეხური უკავია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტ. და შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტ. თიხის ნაწარმს შორის. ბ. გ-ის თანადროული ნამოსახლარები გაითხარა შიდა ქართლში (იხ. ნაცარგორა).
ბ. გ-ის მასალა ასახავს რღვევის გზაზე დამდგარი გვაროვნ. საზ-ბის ცხოვრებას. მოსახლ. ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. განვითარებული ყოფილა მეტალურგია და ხელოსნობის დარგები – მეთუნეობა, ხით ხუროობა, დურგლობა, საფეიქრო საქმე. ბ. გ-ის მასალა ჩრდ. კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბრინჯაოს ხანის კულტურების ანალოგიურია, რაც განვითარებულ ტომთაშორის ურთიერთობებზე მიუთითებს.
ლიტ.: გ ო ბ ე ჯ ი შ ვ ი ლ ი გ., ბედენის აკლდამა, «ძეგლის მეგობარი», 1967, № 12; მისივე, Раскопки на Бедени, კრ.: Археологические открытия 1970 года, М., 1971.
გ. გობეჯიშვილი