ბედერი (Boeder) ვინფრიდ (2. IV. 1937, არვაილერი - 24. XII. 2023, ოლდენბურგი), გერმანელი მეცნიერი, ქართველოლოგი.
სწავლობდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნ-ტებში. ჰამბურგის უნ-ტის პრივატ-დოცენტი (1967), ოლდენბურგის უნ-ტის პროფესორი (1973), ჟურნალ „რევიუ დეზ ეტიუდ ჟეორჟიენ ე კოკაზიენის“ („Revue des Etudes Géorgiennes et caucasiennes”) სარედაქციო საბჭოს წევრი (1985), ევროპის ლინგვისტთა საზ-ბის წევრი (1968).
იკვლევს ქართ. და სხვა ქართველური ენების გრამატ. წყობის საკითხებს. მისი ნაშრომებიდან უაღრესად მნიშვნელოვანია „ქცევა ქართულში“, რ-შიც ახლებურად არის განხილული ქართ. ენის ამ ურთულესი კატეგორიის გამოხატვის პრობლემა, „და კავშირის ხმარების ზოგიერთი თავისებურებების შესახებ ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში“ და სხვ. ბ-ს ეკუთვნის მეტად საინტერესო გამოკვლევა ძვ. ქართ. ანბანის გრაფიკული სტრუქტურის შესახებ. მისი აზრით, ქართ. ანბანის შემქმნელს უხელმძღვანელია გეომეტრიული პრინციპით. აგრეთვე საყურადღებოა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქართ. სპეციფ. თანხმოვან ფონემათა შესატყვისი გრაფემები დალაგებულია ბერძნ. ენათმეცნ. აზრის გათვალისწინებით. ბ-მა შეისწავლა დაქარაგმების წესები ძვ. ქართულში, აგრეთვე ძვ. ქართ. პუნქტუაცია. გერმანულად თარგმნა თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის, გ. კლიმოვის ნაშრომები. დაინტერესებულია ქართ. ფოლკლორის საკითხებით.
თხზ.: Zur Analyse des altgeorgischen Alphabets, «Zeitschrift für Russischunterricht», Hamburg, 1975; Über die Versionen des georgischen Verbs, «Folia Linguistica», The Hague, 1979, t. II, 1 – 2; Über einige Verwendungen von „da“ („und“) in altgeorgischen Literatursprache, იქვე, 1983, t. XVII, 1–4.
ლიტ.: თ უ რ ნ ა ვ ა ს., ქართული კულტურის მეგობარი, «ლიტერატურული საქართველო», 1987, 26 ივნ., № 26.
ზ. სარჯველაძე