ბედისმწერლიშვილები

ბედისმწერლიშვილები, კალიგრაფი ძმები იესე, ფარემუზი და ნათანაილი. მოღვაწეობდნენ XVII ს. II ნახევარში.

1) მღვდელი იესე (ზოგჯერ ბაღდაშვილად ან ბაჲღდიაშვილად წოდებული) შესაძლოა ციციშვილების კარის მდივანი იყო (ა. ბაქრაძე). მან ძმასთან ფარემუზთან ერთად გადაწერა კურთხევანი (1664 წ.) და მარხვანი (1667 წ.). იესემ გადაწერა კრებული (1669), ქვეშის სახარება (1673), ოთხთავი გადაწერილია სულხან-საბა ორბელიანის მამის, მდივანბეგ ვახტანგისთვის) და სხვ. ყველა ხელნაწერი ნუსხურია, მტკიცე, თანაბარი ხელით შესრულებული. კალიგრაფიული ოსტატობის დონე მაღალია, მხატვრული გაფორმება (სამკაულები და სხვ.) ხელოსნურ დონეზე დგას;

2) ფარემუზმა იესესთან ერთად გადაწერა კურთხევანი და მარხვანი;

3) მღვდელი ნათანაილი (ზოგჯერ ბაღდადიძედ ან ბაღდადელიძედ წოდებული) ალბათ, უმცროსი ძმა იყო. მისი გადაწერილია ჟამნი (1672 წ., იმავე მდივანბეგ ვახტანგისთვის), დავითნი [1691 წ., შაჰნავაზის (ვახტანგ V) ძის ლუარსაბის მეუღლის მარიამისთვის]. ხელნაწერი მორთულია ოსტატურად შესრულებული თავსამკაულებით, ბიბლია და სხვ. ეს წიგნებიც ნუსხურადაა ნაწერი გაწაფული ხელით (ყველა მოხსენიებული ხელნაწერი. კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწ. ეროვნულ ცენტრშია).

იესე და ნათანაილი საბუთებსაც წერდნენ.

ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე  ა., XVI – XVIII სს. საქართველოს საკათალიკოსო და სათავადო მდივან-მწიგნობართა ქრონოლოგიური რიგი, «პალეოგრაფიული ძიებანი», 1965, [ტ.] 1; ბ ე  რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართული ოსტატები, თბ., 1967.