ბედონი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მთიულეთის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. მთიულეთის არაგვის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 1400 მ, დუშეთიდან 69 კმ. 110 მცხ. (2014).
სოფლის ზემოთ, ხადისწყლის გაღმა, პლატოზე, ძვ. ბ-ის ნასოფლარია (მოსახლეობა ჩამოსახლებულია დღევანდელ ბ-ში), სადაც შემორჩენილია შუა საუკ. კოშკის ნანგრევები. სოფლის მოშორებით, მაღალ მთაზე, ძვ. სასაფლაოს გვერდით, ბ-ის ყველაწმინდის ეკლესია დგას. აზიდული პროპორციების ერთნავიანი ნაგებობა საშ. ზომის თლილი ქვის თანაბარი რიგებითაა ნაშენი. სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები აქვს. ერთადერთი შესასვლელიც მინაშენშია გაჭრილი. იატაკის დონე სამი საფეხურით დაბალია, საკურთხეველი უაფსიდოა. ეკლესია გადახურულია მარტივად პროფილირებულ იმპოსტებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღზე ამოყვანილი კამარით. ეკლესიის ფასადები სადაა. აქა-იქ შემორჩენილია შელესვის კვალი. ეკლესია და მინაშენებიც გადახურულია ფიქლის დიდი ქვებით. სახურავს ცენტრში მთელ სიგრძეზე გასდევს მაღალი კეხი, რ-ის აღმ. ბოლო დაგვირგვინებულია ჯვრის – სიცოცხლის ხის მცირე ზომის ქანდაკებით. დას. ბოლოში იდგა ქვის ჯვარი, რ-ის წინა მხარეს მოთავსებული იყო მცირე ზომის რელიეფური ჯვრის გამოსახულება (დღეს ეს ქვა ადგილზე აღარ არის). არქიტ. თავისებურებებითა და დეკორის ხასიათით ბ-ის ეკლესია ადრინდ. ფეოდ. ხანის ძეგლებს მიეკუთვნება. აქვეა კვარცხლბეკზე დადგმული, ოსტატურად შესრულებული დაბალი რელიეფით შემკული ქვის დიდი ჯვარი.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., გ ი ო რ გ ა ძ ე მ., ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983.