ბეთანელი არჩილ იოსების ძე

ბეთანელი არჩილ იოსების ძე (27. IX. 1925, ქუთაისი, – 29. IX. 2018, თბილისი), მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990).

1948 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 1951–67 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ამავე ინ-ტში (1955–59 თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტში). 1967-იდან იყო საქართვ. უმაღლესი და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს კოლეგიის წევრი და სამეცნ.-ტექ. საბჭოს თავ-რე, 1972-იდან – მანქანათმშ. და ელექტროტექ. საპროექტო და სამეცნ.-კვლ.ინ-ტის დირექტორი, 1974-იდან - ავტომატიკისა და ჰიდრავ. ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. ფილიალის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი. 1977–92 იყო საქართვ. ტექ. უნ-ტის თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის გამგე, 1992-იდან ამავე კათედრის პროფესორი.

შექმნა მჭრელი იარაღის მყიფე სიმტკიცის გაანგარიშების თეორია და მისი განსაზღვრის დაჩქარებული ექსპერ. მეთოდი. ბ-ის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შემუშავებულია საფრენი აპარატების დეტალების ზედაპირული განმტკიცებისა და ურღვევი კონტროლის მეთოდები და სხვ.

ბ-ის შრომები გამოცემულია პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიასა და ინდოეთში. იყო რუს. კოსმონავტიკის ფედერაციის პრეზიდიუმის ბიუროს წევრი.

დაჯილდოებულია კ. ციოლკოვსკის, ს. კოროლიოვის, მ. კელდიშის, მ. იანგელის, ი. გაგარინის სახ. მედლებით.

თხზ.: Развитие науки о резании металлов, М., 1967 (თანაავტ. В. Ф. Бобров და სხვ.); Хрупкая прочность режущей части инструмента, Тб., 1969; Прочность и надежность режущего инструмента, Тб., 1973.

კ. ნუცუბიძე