ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის შობის ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII ს. შუა ათეულ წლებში. მდებარეობს თბილისიდან სამხრ.-დას-ით 16 კმ-ზე, მდ. ვერის მარჯვ. მხარეს, ტყიან ხეობაში.
ტაძარი თავისი დროის ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია. დგას უფრო ძველი, აგურით ნაგები ეკლესიის ადგილზე. მიეკუთვნება ქართლის გუმბათოვან ტაძართა იმ ჯგუფს (ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი), რ-ებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართ. გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე: გეგმა კიდევ უფრო დამოკლდა და კვადრატს მიუახლოვდა, ოთხი ცალკე მდგარი ბოძის ნაცვლად ორიღა დარჩა, აღმოსავლეთის სვეტების წყვილი საკურთხევლის კედლებს შეერწყა, პატრონიკეც გაქრა. შენობის პროპორციები დადაბლდა, გუმბათის ყელი კი აიზიდა და კოშკივით წამოიმართა. ფასადთა მორთულობის ელემენტებიდან თაღები აღარ გვხვდება. აქ ცალკეული, ინტენს. ორნამენტული მახვილები (სარკმლების გარშემო თავმოყრილი ჩუქურთმები) კედლის გლუვ ზედაპირს უპირისპირდება.
დამახასიათებელი მოტივია დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა შეწყვილებული სარკმლები, რ-თაც ზემოთ დამატებით მრგვალი სარკმელი ან შუაში მოთავსებული გრძელი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებთ.
ბ-ის ტაძარი გარედან შემოსილია თლილი ქვით. კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა XIX ს. დასასრულის რესტავრაციის დროინდელია. გუმბათის ყელის 12 სარკმელი მდიდრულად მოჩუქურთმებული საპირეებით არის შემკული. სამხრ. შესასვლელის წინ ვარსკლვავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა.
ტაძარში შემონახულია კედლის მხატვრობა – ქართ. მონუმენტური ფერწერის განვითარების ერთ-ერთი ეტაპის, XII და XII–XIII სს. მიჯნის, შესანიშნავი ნიმუში. საკურთხევლის კონქში იყო „ვედრების“ კომპოზიცია (შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ქრისტეს გამოსახულების ფრაგმენტები), საკურთხევლის კედელზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, მოციქულები და ეკლესიის მამები. გუმბათის მოხატულობა ამჟამად ერთიანად შელესილია. ტაძრის ჩრდ. მკლავი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, სამხრ. მკლავში კი – ძველი აღთქმის სცენებიცაა გამოსახული. დას. მკლავში „განკითხვის დღის“ კომპოზიცია მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტ. პირთა – გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - პორტრეტული გამოსახულებანი ჩრდ. კედელზე და სუმბატ ორბელის გამოსახულება შვილითურთ – სამხრეთისაზე.
დიდი ხნის მიტოვებული და მივიწყებული ტაძარი XIX ს. შუა წლებში კვლავ აღმოაჩინეს და აღადგინეს იმავე საუკუნის ბოლოს. ტაძრის დას-ით, იქვე ახლოს, დგას ლამაზად მოჩუქურთმებული თლილი ქვით შემოსილი ერთნავიანი პატარა ეკლესია, რ-იც, წარწერის თანახმად, 1196-შია აგებული.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ქარული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; ს ი ლ ო გ ა ვ ა ვ., ბეთანიის წარწერები, თბ., 1994; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955; А л и б е г а ш в и л и Г. В., Четыре портрета царицы Тамары, Тб., 1957; П р и в а л о в а Е., Новы данные о Бетании; IV Международный симпозиум по грузинскому искусству, Тб., 1983.
ე. პრივალოვა
შ. საღარაძე