ბეთჰოვენი (Beethoven) ლუდვიგ ვან (მოუნათლავთ 17. XII. 1770, ბონი, – 26. III. 1827, ვენა), გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.
ბ. იყო უდიდესი სიმფონისტი, გმირული სტილის შემქმნელი მუსიკაში. მის ნაწარმოებებში ყველაზე სრულად გამოვლინდა ვენის კლასიკური სკოლის პრინციპები და, ამავე დროს, მომზადდა ნიადაგი მუს. რომანტიზმისათვის. ბ-ის შემოქმედებაში აისახა საფრ. დიდი რევოლუციის იდეები და სულისკვეთება. გმირული სულით და დემოკრატიზმითაა გამსჭვალული ბ-ის გენიალური ქმნილებები: მე-3 („გმირული“), მე-5, მე-9 (გუნდთან ერთად, ფ. შილერის ოდის „სიხარულისადმი“ ტექსტზე – მე-4 ნაწილში) სიმფონიები, უვერტიურები „კორიოლანი“, „ეგმონტი“, „ლეონორა“ (№2 და №3), ოპერა „ფიდელიო“ (1805). სიმფონიურთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბ-ის კამერულ-საკრავიერ შემოქმედებას [10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო, 32 საფორტეპიანო სონატა (მ. შ. „პათეტიკური“, „მთვარის“, „აპასიონატა“ და სხვ.) და 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვ.]. ბ-მა არაჩვეულებრივად გააფართოვა სონატურ-სიმფონიური ფორმის მასშტაბები, გააღრმავა კამერული საკრავიერი, საკონცერტო (5 საფორტეპიანო, 1 სავიოლინო) და სხვ. ჟანრების მხატვრული შინაარსი. ბ-ის შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი ეპოქის მთელ მუს. კულტურაზე.
საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს ბ-ის ნაწარმოებთა შესრულებას. მის საფორტეპიანო კონცერტებსა და სონატებს წარმატებით ასრულებდა პირველი ქართველი პიანისტი ა. მიზანდარი. ქართ. საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შევიდა 1927 წ. 4 აპრ. თბილისში ბ-ის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რ-ზეც „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“|„ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფ. ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბ-ის მე-9 სიმფონია, ხოლო პიანისტმა ანასტასია ვირსალაძემ ორკესტრის თანხლებით დაუკრა მე-5 საფორტეპიანო კონცერტი. ფართოდ აღინიშნა ბ-ის საიუბილეო თარიღები 1950 (სიმფ. კონცერტების ციკლი ო. დიმიტრიადის დირიჟორობით) და 1970, როდესაც პიანისტმა ნ. გაბუნიამ, პირველად ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში, შეასრულა ბ-ის ოცდათორმეტივე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ – ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი.
ლიტ.: ა ლ შ ვ ა ნ გ ი ა., ბეთჰოვენი, თბ., 1967; კ ო ნ ე ნ ი ვ., საზღვარგარეთული მუსიკის ისტორია, თბ., 1964.
გ. ტორაძე