ბელაქანი

ბელაქანი, ქალაქი აზერბ. რესპუბლიკაში ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე. ახლანდ. ბელაქნის რ-ნის ცენტრი.

გაშენებულია მდ. ბელაქნის (ალაზნის შენაკადი) ნაპირას. განსაკუთრებით დაწინაურდა XIII–XIV სს-ში. ბ-ზე გადიოდა ე. წ. ბელაქნის გზა, რ-იც საქართველოს დაღესტანთან აკავშირებდა. XV–XVI სს-ში ბ. კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. მას შემდეგ, რაც XVII ს. უკანასკნელ მეოთხედში კახეთის სამეფოს კაკ-ელისენი მოსწყდა (იხ. სტატიები კაკი და ელისენი) და თანდათანობით აქ ავარიელ ლეკთა „უბატონო თემები“ ჩამოყალიბდა, ბ. კახეთის სამეფოს პოლიტ. ფარგლებს გარეთ დარჩა. XVIII ს. და XIX ს. I მესამედში ბ. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჭარ-ბელაქნის (საინგილოს) პოლიტ. ცხოვრებაში. ჭარ-ბელაქნის რუსეთთან შეერთების (1830) შემდეგ ბ. ახალშექმნილი ჭარ-ბელაქნის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. 1840-იდან ბელაქნის მაზრის ცენტრი იყო, 1844–60 ჭარ-ბელაქნის სამხ. ოლქში შედიოდა, 1860–1917 – ზაქათალის ოკრუგში, 1918–20 ბ. მთელ ზაქათალის ოკრუგთან (საინგილო) ერთად, როგორც საქართველოს ძირძველი ისტ. მიწა-წყალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო. 1921-იდან კი აზერბ. რესპ. ფარგლებშია.

ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; მისივე, ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972.

თ. პაპუაშვილი