ბელეცკაია ვერა კონსტანტინეს ასული (18. VIII. 1914, თბილისი, – 23. X. 1974, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1937). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. სიდამონ-ერისთავი, ი. შარლემანი. ბ. ნაყოფიერად მუშაობდა საბავშვო წიგნის ილუსტრაციის დარგში. გააფორმა ჰ. კ. ანდერსენის (1956), ნ. ნაკაშიძის (1959), რუმინ. (1956) და იუგოსლ. (1960) ზღაპრების კრებულები და სხვ. ბ-მ შექმნა დაზგური გრაფიკის საყურადღებო ნიმუშები. მისი გრავიურების (უმთავრესად ფერადი ლინოგრავიურები), ასევე შერეული ტექნიკით შესრულებული ფერადოვანი გრაფ. ფურცლების ძირითადი თემაა საქართვ. ბუნება და მისი ხუროთმოძღვრული ძეგლები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: გრაფ. სერიები „სვანეთი“ (1958), „ხევსურეთი“ (1964), „თბილისი“ (1962–69, ყველა საქართვ. სურათების გალერეა. თბილისი).