ბელოთი

ბელოთი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში, (შიდა ქართლის რეგიონი), გუდისის ქედის სამხრ. განშტოებაზე, მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ალბირი, აწრისხევი, ბისოითა, გოზო, ელტურა, ზემო ზონკარი, ინაური, ლაცაური, მაძიგათა, ქვემო ზონკარი, ქნოღო, შამბიეთი, შულაური, ხადურიანთკარი, ხოშური), ზ. დ. 1160 მ, გორიდან 47 კმ.

ბ. ისტ. მაღრან-დვალეთის გზაზე მდებარეობდა. იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია. ქსნის საერისთავოს გაუქმების (1777) შემდეგ იულონ ბატონიშვილის სამფლობელო გახდა. 1865 სოფელი მოიცავდა ახლანდ. ბ-ს, ხოშურს და საცხენეთს; ცხოვრობდა 63 კომლი. ბ-ში შემონახულია გვიანდ. შუა საუკ. თავდაცვითი ნაგებობის კომპლექსი. მასში მოქცეულია ყორექვითა და შირიმით ნაგები მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია, რ-იც ზოგიერთი ნიშნით X ს. ეკლესიებს წააგავს. ციხე აქ XVII ს-ში აუშენებიათ (შემორჩენილია ერთი, გეგმით ხუთწახნაგა კოშკი), XVIII ს-ში კი ააგეს დიდი ციხესიმაგრე, რ-საც გალავნის კუთხეებში სამი მრგვალი კოშკი აქვს დატანებული და ეკლესიაც მაშინ მოექცა მის ფარგლებში. შემორჩენილია სამხრ. კედელთან მიშენებული სასახლის ნანგრევები. უფრო მოგვიანებით აღმ. მხრიდან დაემატა ზღუდე და ორსართულიანი საცხოვრ. ნაგებობა. ბ-ის ციხესიმაგრე XVIII ს. საქართვ. მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. XIX ს. დასაწყისში აქ საარტ. დანადგარებიც ყოფილა გამართული.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; М е п и с а ш в и л и  Р., Ц и н ц а д з е  В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии–Шида-Картли, Тб., 1975.

ჯ. გვასალია

პ. ზაქარაია